რატომ აღარ ჩანს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ზვიად კუპრავა - ეს კითხვა საზოგადოების ნაწილში უკვე რამდენიმე კვირაა იწვევს ინტერესს, მას შემდეგ რაც, საკანონმდებლო ორგანოსთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ საპროტესტო აქციები განაახლა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კუპრავა, რომელიც როგორც ზაზა სარალიძე ამბობდა, ბავშვობის მეგობარია და აქციებზე თვეების განმავლობაში ედგა გვერდით შვილმკვდარ მამას, 10 სექტემბრიდან განახლებულ აქციებზე აღარ გამოჩენილა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის გვერდით, ამ აქციებზე ახლა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დგას.არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა და სარალიძემ კუპრავა სცემა კიდეც. ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე, თუმცა თავად კუპრავა აღნიშნულ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, "სუს-ის ბოტმა მოჯღაბნა".
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც AMBEBI.GE-ს წყარომ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ზვიად კუპრავა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც მას უკავშირდებოდნენ, მოუწოდებდა არ მისულიყვნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე. რადგან გამოსვლების ორგანიზატორებს შორის კუპრავა აღარ არის, ეს მისი მხრიდან ერთგვარ ნიშნისმოგებას წარმოადგენს, რომ "ჩემს გარეშე არაფერი გამოგივათ".არსებული ინფორმაციების გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, თუ რატომ არ ჩანს აქციებზე ერთ-ერთი აქტიური სახე ზვიად კუპრავა, AMBEBI.GE-მ კითხვებით ზაზა სარალიძეს მიმართა. შვილმკვდარი მამა არაფერს ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. ჩვენთან საუბრისას იმასაც კი აცხადებს, რომ მას თავადაც სმენია ამ ინფორმაციების შესახებ, თუმცა მტკიცებულებების გარეშე საუბარს ერიდება.
"რაღაც ხმები მეც მომივიდა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, სანამ მე ჩემი თვალით არ დავინახავ და ჩემი ყურით არ მოვისმენ" - აღნიშნავს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა.
ამ პასუხის შემდეგ სარალიძეს ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვკითხეთ, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"გითხარით, ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. სანამ არ მექნება დაზუსტებული ინფორმაცია, ვერაფერს ვისაუბრებ. ეს პირდაპირ ბატონ კუპრავას შეგიძლიათ კითხოთ. რატომ არ ჩანს აქციებზე, ვერც ამას გეტყვით, თავისი გადასაწყვეტია, მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ. ჩემი თხოვნა იყო და არის, ნებისმიერ ადამიანთან, რომ დაგვიდგეს გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ", - გვითხრა ზაზა სარალიძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment