რამდენიმე დღის წინ სირიის არაერთ პროვინციასა და რაიონში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა - ეს ეხება იდლიბთან ახლოს მდებარე ქალაქ ჯისრ-ელ-შუგურს, ასევე ალ-საფას კანიონს, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებს საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდათ იქამდე, ვიდრე მათ ლიდერს მოკლავდნენ. ამასთან, მოსას სამხრეთით, ატ-ტანფის რეგიონის დათმობა-არ დათმობაზე, სამთავრობო ძალებსა და ტერორისტულ დაჯგუფება “ჯეიშ-მუგავირ-ალ-ტაურას” შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე სირიული ორგანიზაცია (SOHR) ირწმუნება, რომ იდლიბის ბუფერული ზონიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო კიდევ ერთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ფაილაკ-ალ-შამმა”, თუმცა, მოგვიანებით, მისივე პრეს-სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო. ერთი სიტყვით, საერთაშორისო ექსპერტები უკვე აღარ დავობენ იმაზე, რომ “ისლამური სახელმწიფო” ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიებსა და პოზიციებს კარგავს. მათი პოზიციები სუსტია სირიაში, ერაყიდან კი თითქმის ბოლომდე განდევნეს. ამის კვალდაკვალ ისინი იშლებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სხვების გადმობირების იდეოლოგიით განაგრძობენ “ისლამური სახელმწიფოს” “პრინციპების განხორციელებას”.რამდენიმე ხნის წინ ჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარების პერიოდში იყო გამიზნული და 100 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. ეჭვმიტანილი 34 წლის ერაყელი ქურთი იყო, რომელსაც ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ISIS-ის წევრებთან ჰქონდა კავშირი. ბოლო დროს, არაერთი ასეთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისგან მომავალი საფრთხე არ მცირდება, მით უფრო, რომ ბევრი მათგანი სამშობლოშიც ბრუნდება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან ტერორისტულ ორგანიზაციას 50 მებრძოლი შეუერთდა. ISIS-ის პოზიციების შესუსტების შემდეგ, ისინი ალბათ ისევ საქართველოში დაბრუნებას შეეცდებიან.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მათ ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებასა და გადაბირებაზე დაიწყონ მუშაობა. გამოცემის ცნობით, ზოგადად ტერორისტების დაბრუნება საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან გამოწვევას შექმნის.
გამოცემასთან საუბარში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი, რომელიც პანკისის 2001 წლის მოვლენებისას საქართველოში იმყოფებოდა იხსნებეს, რომ “მაშინ რუსეთი საქართველოს ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა”. ყოფილი ელჩი დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დაძაბულობის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ამ რეგიონზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.
“როდესაც საქართველოში ელჩი ვიყავი, რუსები ამბობდენ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობაში საქართველო მფარველობდა და საპასუხო რეაგირებით იმუქრებოდნენ. თუმცა, შეერთებული შტატების დიპლომატიური მუშაობის შედეგად, მაშინ თავიდან ავიცილეთ - რუსებს ვუთხარით, რომ არ ჩარეულიყვნენ”, - იხსენებს იალოვიცი და დასძენს, რომ მაშინ ამერიკული მხარე ქართველი მესაზღვრეების აღჭურვასა და წვრთნაზე მუშაობდა, რათა მათ პანკისის ხეობაზე კონტროლი დაემყარებინათ.
ყოფილი ელჩის მოსაზრებით, იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ფეხი ვერ მოიკიდონ, საქართველოს მთავრობამ იქაურობაზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს.
“ვფიქრობ, ამ საკითხზე რუსებთან ერთად მუშაობაც შეიძლება. რადგან არსებობს საერთო ინტერესი ამ “ცუდი ტიპების” გასანეიტრალებლად და მათი უკან დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მე ძალიან შემაშფოთებს, თუ რუსები დაიწყებენ საქართველოს დადანაშაულებას კიდევ ერთხელ. ვფიქრობ საქართველო უნდა იყოს ღია და გახსნილი და გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პირები არ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ისწავლოს ისტორიულ გაკვეთილებზე და თუ არსებობს საშიშროება მებრძოლების დაბრუნების, ამას ყურადღებით მოეკიდოს“, - აცხადებს იალოვიცი გამოცემასთან საუბრისას.
ტერორისტული ორგანიზაციიდან დაბრუნებული მებრძოლებისგან მომავალ სართხეებზე საუბრობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სუფიან ჟემუხოვიც, რომლის თქმითაც, “იმ მებრძოლებს შეუძლიათ თავი რელიგიურ ავტორიტეტად გამოაცხადონ და ჩრდილო-კავკასიაში ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას ჩაუყარონ საფუძველი”.
ამიტომ, მისი მოსაზრებით, რეგიონის ქვეყნებმა, “რუსეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს. თუ ისინი მაინც მოახერხებენ დაბრუნებას, ამან შესაძლოა ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვიოს. ის ხალხი, ვინც ახლა სირიაში იბრძვის, მოახერხებს ადგილობრივების მობილიზებას. არსებობს ახალი ამბოხების პოტენციალი, რადგან პრობლემბის ძირი არ გამქრალა, ეკონომიკა უარესდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შორს არიან სამართლიანობისგან და ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას“, - თქვა მან.
გამოცემა მიიჩნევს, რომ სირიასა და ერაყიდან მებრძოლების შესაძლო დაბრუნება, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა თბილისზე მანიპულირების იარაღად გამოიყენოს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment