Wednesday, June 27, 2018

თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს

დედაქალაქის მერია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს,- ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.
„მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება დაავალა.
მისი თქმით, 1 ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის გადაიდგმება.
მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით პრობლემას წარმოადგენს ყვითელი ავტობუსები, მიკროავტობუსები და მათი გამონაბოლქვი.
"მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად, ძველი ავტომობილები",- განაცხადა კალაძემ.
აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.
"იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111–ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
20 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ტექდათვალიერების შემდეგ 722 ავტომობილს მოძრაობა აეკრძალა.
ტექდათვალიერების მომდევნი ეტაპი პირველი ივლისიდან დაიწყება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment