საქართველოში ხელფასის მინიმალური ოდენობა შესაძლოა, 900 ლარით განისაზღვროს. ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, რომელიც საათობრივი შრომის ანაზღაურების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასაქმებული ადამიანი საათში მინიმუმ 5 ლარს უნდა იღებდეს. უცნობია, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს.
ამ საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. ის "შრომის კოდექსში" გარკვეული ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში – 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ახალი ინიციატივით, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, თანაც – მზარდი: შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას.
სპეციალისტები ამ ინიციატივას სერიოზულად არ აღიქვამენ. "სოლიდარობის ქსელის" დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორს, პარლამენტში ინიცირებამდე, კონსულტაციები იმ ჯგუფებთან უნდა გაევლო, რომლებშიც წლების განმავლობაში შრომით საკითხებზე მუშაობდნენ, რათა შეთავაზება ქართულ რეალობასთან უფრო შესაბამისი და მორგებული ყოფილიყო.
"კანონპროექტის ავტორის ადგილას, ჯერ კონსულტაციები მექნებოდა იმ ადამიანებსა და ჯგუფებთან, რომლებიც წლებია, ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ერთად დიდი კამპანიის ფონზე გავიტანდით პარლამენტში. ინიციატივა კარგია, თუმცა რამდენად რეალური და განხორციელებადია, ეს მეორე საკითხია. "ქართულ ოცნებაზე" რომ იყოს დამოკიდებული, ვერც ერთი ინიციატივა, რომელიც დასაქმებულის უფლებებს იცავს, ვერ გავიდოდა. ისე არიან დაშინებული, ბიზნესზე აწყობილი თავიდან ბოლომდე, რომ თუ რამეს მოვითხოვთ, გვემუქრებიან, რომ ამის გამო ინვესტორები აღარ მოვლენ.
კონკრეტულად ინიციატივაში კი აჯობებდა, მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მოთხოვნა ყოფილიყო, რაც მინიმუმ 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს საკანონმდებლო პროექტი კი დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, ისე დაყოს სამუშაო საათები, მაინც არ გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ახლა იხდიან. მერწმუნეთ, ბიზნესი ასეთ გზას იპოვის. თვითონაც გაოცებული ვარ, 1 მსხვილი დამსაქმებელიც კი ვერ ვიპოვეთ, ვინც კეთილსინდისიერია", - აცხადებს ჯაფარიძე "რეზონანსთან"
ambebi.ge
No comments:
Post a Comment