Saturday, September 15, 2018

Bellingcat-ისა და The Insider-ის გამოძიებით პეტროვი და ბოშიროვი რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან


Bellingcat-ისა და The Insider-ის ერთობლივმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი ნამდვილად რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. გამოძიების პირველ ნაწილში  ავტორები ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ბაზას ეყრდნობიან, სადაც არ არსებობს მონაცემები პეტროვის მიერ 2009 წლამდე რუსული, ან საზღვარგარეთის პასპორტის  გაცემის შესახებ. ფაილს მისი საპასპორტო მონაცემების შესახებ ადევს შტამპი - „ცნობები არ გაიცეს“ და ასევე „с.с“, რაც სრულიად საიდუმლოს ნიშნავს. 
პეტროვის და ბოშიროვის პასპორტები გაცემულია УФМС 770001-ის მიერ. Bellingcat-ისა და The Insider-ის მტკიცებით აქ პასპორტებს სამთავრობო პირები, ან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იღებენ.
5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მათ გამოაშკარავებაში ლონდონს ბრიტანელების მიერ გადაბირებული აგენტი დაეხმარა, რომლის კოდური სახელი „აპოლონია“. სწორედ მან გაუმხილა ბრიტანულ სპეცსამსახურებს ეჭვმიტანილების სახელი.
მისი ინფორმაციით, პეტროვსა და ბოშიროვს დიდ ბრიტანეთში თან ახლდა კიდევ 4 პირი, რომლებიც სკრიპალებს უთვალთვალებდნენ.
რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  დიპლომატიური  დაპირისპირება მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში  „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ეიმსბერიში ბრიტანელები „ნოვიჩოკით“  მოიწამლნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment