სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა ოსურმა მხარემ ჩაშალა. სპეციალური განცხადება სუსმა გაავრცელა.
"მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.
მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს,"- წერია განცხადებაში.
ქართული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას. წინა შეხვედრაზე დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანოების ფრაგმენტები უკვე გადაცემულია,თუმცა ქართული მხარე მიიჩნევს რომ ეს სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის საკმარისი არაა.
სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment