Friday, April 12, 2019

ანა ბაგრატიონის ადვოკატი: დავით ბაგრატიონი ქორწინებამდე ღერებით ყიდულობდა სიგარეტს

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ამის შესახებ მან "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.
მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი „კაპიკი“, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთმია. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა.
ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია“, - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა.
ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment