ანიმ ამ ზაფხულს წონაში დაკლება გადაწყვიტა და დიეტა დაიწყო. ანი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრკელასელია და იმედი აქვს, რომ სკოლაში მისულს მათემატიკის მასწავლებელი ვეღარ ეტყვის, „შენ რომ დადიხარ, მიწისძვრა ხდებაო“. ნიკას წელსაც ეშინია, ბიოლოგიის მასწავლებელმა გოგოებთან მეგობრობის გამო „ქალაჩუნა“ არ დაუძახოს. ნუცას ისევ ახსოვს ის დღე, როცა გაკვეთილზე მასწავლებელმა რწმენაზე ილაპარაკა და ის ბავშვები შეაქო, ვისი ოჯახებიც მართლმადიდებლურ დღესასწაულებს აღნიშნავენ, ვისაც სახლში მეტი წმინდანის ხატი უკიდია. მერე ამ მოსწავლეების დავალებებსაც უფრო მონდომებით აფასებდა.
„ჩემს კლასში ყველა მართლმადიდებელია, მეც, მაგრამ ჩვენ სახლში ხატები არ გვაქვს, ამის თქმის კი შემეშინდა. ვიცოდი, მასწავლებელი წესიერ ნიშანს აღარ მაღირსებდა“, - გვეუბნება ნუცა.მოზარდები ჰყვებიან,
რომ სკოლაში შერქმეული მეტსახელის ავტორები ხშირად მათივე მასწავლებლები არიან. ისინი ყველაზე ხშირად საკუთარ „ძალაუფლებას“ მაშინ მიმართავენ, როცა განსხვავებულ აზრს ისმენენ.ანი ამბობს, რომ მოსწავლეების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მასწავლებლების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია, ზოგჯერ ამას მოსწავლეებიც აღარ აქცევენ ყურადღებას, თუმცა წინააღმდეგობის შემთხვევაში აიძულებენ გაჩუმდნენ, „ენას ნუ ატლიკინებო“ - ამის მსგავსი მიმართვებით.ანი (სახელი შეცვლილია): „[როცა ბავშვები მასწავლებლების გამონათქვამებს ეწინააღმდეგებიან, მაგ დროს მასწავლებლები ეუბნებიან] ოჯახში გაზრდილი არა ხარ? იცის შენმა მშობელმა ახლა რას აკეთებ, უპატრონო ხარ? - ასეთი სიტყვებით მიმართავენ. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ხდება რელიგიასთან დაკავშირებით. ასევე, მაგალითად, „შენ გოგო ხარ, ასე არ შეგეფერება, ასე არ უნდა თქვა“. თითქოს გვასწავლიან, რა არის ზედმეტი და რა არა. ახალგაზრდა მასწავლებლებთან ეს უფრო ნაკლებად ხდება. თითქოს იმაზეა დამოკიდებული, თვითონ რა პირობებში სწავლობდნენ და როგორ ექცეოდნენ მათ. მერე გამოჩნდება ხოლმე რამდენიმე გმირი მოსწავლე და წინააღმდეგობას გაუწევს. მერე მასწავლებელი ამ ბავშვს აყენებს შეურაცხყოფას, მერე მასწავლებლები ცდილობენ ასეთი ამბები კლასიდან არ გავიდეს და თუ მაინც გავიდა, დირექცია მასწავლებელს უჭერს მხარს, რადგან თვლიან, რომ ბავშვებს არ უნდა დაუჯერონ“.არადა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (მიღებულია 2010 წლის 14 ივნისს), მკაფიოდ ადგენს: “მასწავლებელი თავისი პროფესიული საქმიანობისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს”. “მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას”რამდენი მასწავლებლის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის სანქცია, მოსწავლის ან მოსწავლეებისადმი სულ მცირე არაეთიკური მიმართვების გამო, ცნობილი არ არის. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლებს წლიდან წლამდე ტრენინგებს უტარებს, კლასში ძალადობის პრევენციის, მოსწავლეთა შორის ბულინგის ამოცნობისა და მართვის სასწავლებლად, კონკრეტული ტრენინგი, რომელიც მასწავლებლების მხრიდან შესაძლო ბულინგს მიეძღვნებოდა, არ ჩატარებულა.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, სკოლებში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი კლასის დამრიგებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მხოლოდ ამ ზაფხულიდან ჩაუტარდებათ და მასში 1729 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება ჩართული. აქამდე, 2016 წელს 282 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მომზადდა, 2017-ში - 352 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. კითხვაზე, რატომ მხოლოდ სამოქალაქო განათლების სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ ეს მოდული წინა წლებში მომზადდა.
radiotavisufleba.ge
No comments:
Post a Comment