Thursday, October 4, 2018

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია 30 წლისაა


თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  ა.წ. 2 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე; პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიორგი კვესიტაძე, უნივერსიტეტების რექტორები, მეცნიერები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
მისმა უწმინდესობამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა განათლებისა და სემინარია-აკადემიის მნიშვნელობის შესახებ და გაიხსენა დაარსების დროს არსებული სირთულეები.  „ჩემი სურვილი იყო იმ ტიპის აკადემიის დაარსება, რომელიც იქნებოდა ცოდნის მიმცემი და რწმენით გასხივოსნებული. დრო იყო მეტად რთული, მაგრამ, უფლის ნებით, ყველაფერი მოგვარდა“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ და  თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის 30 წლის იუბილე მიულოცა.
მილოცვებს შეურთდა პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძეც. „დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერება და ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია“ _ განაცხადა მან.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი როინ მეტრეველი,  ისტორიის დოქტორი, პროფესორი _ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე); ფილოლოგიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი, ედიშერ ჭელიძე,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური.
დაარსებიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია წარმოადგენს ქვეყნის მთავარ საღვთისმეტყველო სასწავლებელს, სადაც სწავლება ხორციელდება როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ისე დოქტორანტურის საფეხურზე და ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო.
http://patriarchate.ge

No comments:

Post a Comment