უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას.
“მე როგორც პრეზიდენტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მხარს ვუჭერ სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა და საომარი მდგომარეობის შემოღებით უკრაინის პარლამენტისთვის მიმართვას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 69 დღით შეიძლება იქნას შემოღებული.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელიც საკითხის განსახილველად დღეს შეიკრიბება.
როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუყწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური, ოცზე მეტი მეზღვაური რუსი ოკუპანტების მიერ არიან ტყვედ აყვანილი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკამ განაცხადა.
“მეზღვაურების ბედი უცნობია. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ექვსი მათგანი დაჭრილია. აქედან ორი მძიმედ. რუსეთის ქმედებების შემდეგ ჩვენ დავკარგეთ კავშირი ჩვენს გემებთან. სამივე გემზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა” - განაცხადა მან.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი
ambebi.ge
No comments:
Post a Comment