პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თამბაქოს რეფორმის შედეგად, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომლის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ღონისძიებების მნიშვნელობაზე და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმზე იმსჯელა.
„რეგულაციებმა განაპირობა თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის განთავისუფლება; თამბაქოს რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა; მოგვიანებით ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების (პიქტოგრამის) ვალდებულება. 2023 წლიდან კანონით გათვალისწინებულია თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღება. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი - 96%-იანი მაჩვენებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის, ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება ჩატარდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმა, მომავალი 15 წლის განმავლობაში, 53 000 ადამიანს იხსნის ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას 3.6 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგს ააცილებს თავიდან.
მისივე განცხადებით, რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა. კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020“. ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორული სოციალური-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
„საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment