Sunday, April 21, 2019

ექსპერტების თქმით პანკისში ჰესის აშენება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს

პანკისში ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ექსპერტები საუბრობენ. მათი განმარტებით, ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისში იგეგმება, გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, მოსახლეობისთვის რამე ზიანის მოტანა კი გამორიცხულია, რადგან ამ ჰესის სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, რაც მცირე და უმნიშვნელოა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლევან ვეფხვაძის, გია არაბიძისა და პაატა ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან ამ რესურსის გამოყენება, რათა სახელმწიფო ეკონომიკურად გაძლიერდეს.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ჩიქოვანის თქმით კი, „ხადორი 3“ არის მცირე ჰესი და მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო.
„ენერგეტიკისა და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი. მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას“, - ამბობს გიორგი ჩიქოვანი. 
„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის, მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისი განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს “ხადორი ჰესის“ მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი კომუნიკაცია“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 
ცოტა ხნის წინ პანკისში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი გახარია. მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment