ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარი ევროკავშირის შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.
„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. ნება მიბოძეთ, მე პირადად ასევე მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს ორ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე ველოდებით, რომ განხორციელდება ყველა სხვა ზომა დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ სიტუაციის“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით
გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან
გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა
თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში
მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment