1949 წლიდან სოფელ ბლოს ერთი მაცხოვრებელი ჰყავდა, ახლაც ცხოვრობს იქ მისი შთამომავალი ჩაქცეულ სახლში
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბლო ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელშ მხოლოდ ერთი მაცხოვრებელია, რომელიც ზამთარში ტოვებს სახლს და ჟინვალში იზამთრებს... გიგაურების გვარი ამ სოფლიდან იღებს სათავეს. აქვეა გვარის მთავარი სალოცავი - მუხის გიორგის ჯვარი. ვინაიდან სოფელს მდიდარი ისტორია და წარსული აქვს, იქაურები გზის მიყვანას ითხოვენ, რომ სოფელში სახლები ააშენონ და თავიანთ კერას დაუბრუნდნენ...
ხელოვნებათმცოდნე, სკრიპტოგრაფი, თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი გიორგი გიგაური ბლოში სახლს აშენებს... როგორც ის ამბობს, თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფლისგან, შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი კარგი ეთნოგრაფიული კუთხე გაჩნდეს. უკვე არსებობს სოფლის აღდგენის პროექტიც.
"სოფელი ბლო პირაქეთ ხევსურეთის სოფელ როშკიდან 5 კილომეტრშია და დღემდე სამანქანე გზის გარეშეა დარჩენილი. 1926 წლის აღწერით ამ სოფელში 28 კომლი ცხოვრობდა (111 სული)... კომუნისტების მიერ ჩამოსახლებული ხევსურები და მათ შორის ბლოს მაცხოვრებლები, მწარედ იხსენებენ მიტოვებულ მამა-პაპეულ სახლ-კარს.1988 წელს იმ დროინდელ "გზათა მოწყობის" სამინისტროში შევიტანეთ ხალხის ხელმოწერილი თხოვნა, რათა ბლოში სამანქანო გზა ასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ასევე უყურადღებოდ დარჩა რამდენჯერმე სარაიონო დონეზე დასმული საკითხი. 2005 წლიდან, უგზოობის და უყურადღებობის გამო, სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელიც ჩამოსახლდა დაბა ჟინვალში. ზამთარს იქ ატარებს და ერთ-ერთი უძველესი მებრძოლი გვარის სოფელი, მიტოვებული გახდა დღეს, შველას ითხოვს. ამ სოფლისთვის გზის გაყვანა ნამდვილად დააბრუნებს რამდენიმე ოჯახს და ისევ სიცოცხლე დაბრუნდება შავი არაგვის სათავესთან" - გვიყვება გიორგი გიგაური.სოფელში რამდენიმე უბანი არსებობდა - "აბაბუხნა", "ქალქვისთავი" "ჭალაისკარი"... სოფლის ერთ-ერთი უბანი ქალქვისთავი ალპურ ზონაშია და გამოირჩევა ბუნებრივი წყაროებით და აქვს თავისი საძოვრები. სოფელში გზის მიყვანა ბევრად წაადგება ამ გვარის წარმომადგენლებს და მთლიანად ხევსურეთსაც. გზის მიყვანა არ გააფუჭებს ბუნებრივ ლანდშაფტს და არ დააზიანებს ტყეებს (გზის მარშუტი: როშკა - ბლოღელე - ქალქვისთავი). სოფელთან გზის მიახლოების მომხრეა მთელი მოსახლეობა, რომელიც გაფანტულად ცხოვრობს კახეთის სხვადასხვა რაიონში. ჩვენი მონაცემებით 78 ოჯახი.
თვითოეულ გვარს, ღრმა წარსულიდან, თავისი მითოსი და ტრადიციები აქვთ შემონახული, რომელიც მთლიანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მოთხოვნაა რომ, ხევსურეთის სოფელ ბლოს მეტი ყურადღება მიექცეს, რათა დღევანდელი დღის სიკეთემ აქაც იზეიმოს და ხალხსაც აგრძნობინოს მხარში დგომა..."
- ამ სოფელში სახლის მშენებლობას იწყებთ... რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- დიახ, საძირკველი გაჭრილია უკვე და სახლის მშენებლობა დაწყებულია... სოფელში მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს და ისიც მაისიდან ადის, თორემ ისე ჟინვალში ჩამოსახლდა, როგორც მოგახსენეთ. მისი სახლი ჩაიქცა, კარავი ააშენა და კარავში ცხოვრობს შუქის და ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე. საქონელი აჰყავს და ზამთრამდე იქ უვლის. გოგია გიგაური ახლა ორმოც წლამდეა და ცოლ-შვილი არ ჰყავს...
არის სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი მოსახლეა, მაგრამ გზა მიუყვანიათ. ადრე როცა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა 1930-1940 წლებში სოფელ ბლოში სამკლასიანი სკოლაც ყოფილა. სოფელს დიდი ისტორია აქვს: რამდენიმე გმირი იყო ამ სოფლიდან, ბოლოს ერთ-ერთი აფხაზეთის ომში იბრძოდა... მე თიანეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მამაჩემი სოფელ ბლოშია გაზრდილი და ამიტომ მომინდა ამ ულამაზეს სოფელში დაბრუნება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment