2017 წელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 1846 მოქალაქე გაამტყუნეს, ხოლო 16 გამართლდა. სტატისტიკურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია განამართლებელი განაჩენების რიცხვი, თუმცა ეს რიცხვი მაინც ძალიან მცირეა:
"გახმაურებულ და რიგით საქმეებთან მიმართებაში სასამართლო პრაქტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია. იკვეთება შერჩევითი სამართლის ნიშნები. მოსამართლეებს განსხვავებული განაჩენი გამოაქვთ, როდესაც პირი არის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, ან საქმე არის გახმაურებული", - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი სოფო ვერძეული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასეთ საქმეებზე სასამართლოში მოწმის სახით ხშირად მხოლოდ პოლიციელები არიან, ამიტომ ბრალდების დასავუტებაც ეჭვებს აჩენს.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment