Tuesday, March 20, 2018

კობახიძე: სახალხო დამცველმა საზოგადოებრივის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატი უნდა წარადგინოს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ან ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინოს,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობა გვქონდა. ეს ყველაფერი ოფიციალური განცხადების შემოსვლაზე იქნება დამოკიდებული. სხვადასხვა პროცედურებია გათვალისწინებული. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ და ამის საფუძველზე ან ახალი კონკურსის გამოცხადება დაგვჭირდება, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარმოადგინოს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.
ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა.
ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა.
სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, მის წინააღმდეგ ბრალდებებს სახალხო დამცველი თავად შეისწავლის. კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment