ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობის დროს პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გაცემა სავალდებულო იქნება, პარლამენტი დღეს იმსჯელებს. ასევე, სავალდებულო გახდება, გამოცემულ ორდერში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
„მთავარი პროკურორის 2017 წლის 19 ივლისის ანგარიშის თანახმად „ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა.
2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს - 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ“. საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადჰყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილავენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment