8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის საღამოსვე დააკავეს. ბრალდებული იმავე უბანში მდებარე სახლში სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სამძებრო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ და გარდაცვლილი გოგონას კვალზე სამართალდამცველები ძაღლებმა გაიყვანეს.
გოგონას ცხედარი სამართალდამცველებმა მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. 8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საზარელი დანაშაულის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. გოგონას ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ცნობილი გახდა, რომ იაგო ნებიერიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, 2004 წელს ის გორში 11 წლის ბიჭუნას ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა და ბავშვის მშობლებს 20 000 ლარს სძალავდა. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედის, ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, - იმხანად ნებიერიძის მამა მათ ავტოფარეხს უშენებდა და მისი ვაჟიც საკმაოდ ხშირად მიდიოდა მათთან.ნებიერიძემ ბიჭუნას გატაცებაში მონაწილეობა არ აღიარა, ამბობდა, რომ ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონდა, უბრალოდ, გაუჩნდა ფულის შოვნის სურვილი და ამიტომაც თანხის გამოძალვის მიზნით შეუგდო წერილი ბერძენიშვილებს. ბერძენიშვილის გატაცების საქმეში ნებიერიძის მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა და სასამართლომ 22 წლის გამომძალველი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გაამართლა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 5 წლამდე სასჯელი მოიხადა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნებიერიძე საბრალდებო სკამზე მეორედ ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდების საფუძველზე აღმოჩნდა. მან საპატიმრო დაწესებულება 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ა. წ. თებერვალში დატოვა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment