Sunday, November 4, 2018

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე.ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ.გ.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.- მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. ამ მიზნის მისაღწევად, მან საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ" გია ცხვარაძეს მეტსახელად „გია სამტრედსკის“ იგივე „ბაბუს“ მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება დაიწყეს. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. 
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment