Friday, November 2, 2018

მერაბიშვილი ახალაიას და სააკაშვილის პათოსს შეუერთდა


ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე წერს და ამბობს, რომ მას შეწყალება არ სჭირდება.
მერაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალია. 
„მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც "ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - წერს მერაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს. თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურის წინ ტაქტიკა შეცვალა.
სააკაშვილი და ახალაია მათ შეწყალებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გაქარწყლებას შეეცადნენ. ახალიამ დაწერა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს.
ამის შემდეგ სააკშვილმა განაცხადა, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვს.ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 
საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, 27 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ 2016 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
აპრილში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment