რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ“, - თქვა პრემიერმინისტრმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამ წუთას მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment