Wednesday, December 26, 2018

ქართველი სტუდენტის წარმატების საიდუმლო – გზა ვეკუას სკოლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტამდე

ფიზიკა მხოლოდ მეცნიერების დარგი და უთვალავი ფორმულის გროვა არაა, ის სამყაროს სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას იძლევა. ფიზიკით დაინტერესებული ადამიანები სწორედ ასე ხედავენ ამ დარგს და მის ხერხებს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და უამრავ კითხვაზე პასუხის გასაცემად იყენებენ. მათ შორისაა 22 წლის ლუკა ჩინჩალაძე, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ერთადერთი ქართველი სტუდენტია. ის ფიზიკის მიმართულებაზე სწავლობს.
ლუკა თბილისში დაიბადა, გარკვეული დრო მოსკოვში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვეკუას სახელობის ფიკიზა-მათემატიკურ სკოლაში გააგრძელა სწავლა. დამამთავრებელ კლასში HMC Projects-ში გამარჯვებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 2 წელი  ლონდონში Whitgift School-ში ისწავლა,  რომელიც უმაღლესი აკადემიური მოსწრებით დაასრულა. მაგისტრატურისთვის 5 სხვადასხვა უნივერსიტეტი შეარჩია, მათ შორის University of Oxford, Imperial College London, University of Birmingham. რთული ეტაპების, ინტერვიუების, ტესტებისა და გამოცდების შემდეგ მან ხუთივე უნივერსიტეტიდან მიიღო დადებითი პასუხი, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია და არჩევანი მსოფლიოში ცნობილ და სახელგანთქმულ ოქსფორდის უნივერსიტეტზე შეაჩერა.
დღეს ლუკა ფიზიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. აქტიურადაა ჩართული ოქსფორდის უნივერსიტეტის როგორც სამეცნიერო, ასევე სპორტულ პროექტებში და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს სასურველი სფეროს სიღრმისეულად შესასწავლად.
ფიზიკით დაინტერესების მიზეზებსა და თავისი წარმატების საიდუმლოზე ახალგაზრდა ფიზიკოსი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან studinfo-ს ესაუბრა:
– რატომ ფიზიკა ?
– ფიზიკის ინტერესი ჩემი ოჯახიდან და მშობლებიდან მომდევს. დედაჩემი პროფესიით მათემატიკოსია, ხოლო მამაჩემი ფიზიკოსი. საქართველოში, სკოლაში სწავლის დროს ყველაზე მარტივად ეს 2 საგანი გამომდიოდა, თუმცა არ ვფიქრობდი იმაზე რომ ფიზიკას ვისწავლიდიპირველად ფიზიკის სწავლაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე მივედი. პირველად გავიგე ისეთი კონცეპტების შესახებ როგორიც არის დროის შენელება, შროდინგერის კატის პარადოქსი, სუპერსიმეტრია. ყოველივე ამის შემდეგ კი იყო ლექცია ფიზიკოსების სამომავლო პროფესიებზე. ფიზიკამ მომხიბლა არამარტო სამყაროს მათემატიკური ფორმულირებით, არამედ იმითი, რომ ფიზიკოსები არ არიან შევიწროებულნი თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მომავალში. ფიზიკოსები არიან ყველგან, როგორც მეცნიერებაში და უნივერსიტეტებში, ასევე  საინვესტიციო ბანკებში, ფინანსებში, პროგრამირებაში, ტექნიკაში, ინჟინერიაში, ბიზნესში, პოლიტიკაში. ერთი სიტყვით თუ უნივერსიტეტში ფიზიკას ვისწავლიდი სამომავლოდ ნებისმიერ სფეროში შემეძლებოდა მუშაობა, რომელსაც ავირჩევდი.
რა თქმა უნდა,  ეს მხოლოდ მაშინ გამოვა თუ ფიზიკა უაღრესად გაინტერესებს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როდესაც ერთ-ერთ ზაფხულს პოპულარული ფიზიკის წიგნებს ვკითხულობდი, როგორებიცაა: In Search of Schrodinger’s cat, The Elegant Universe, A Brief History of Time. ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მზად ვიყავი ფიზიკას შევჭიდებოდი.
როდესაც, უნივერსიტეტებს ვარჩევდი ოქსფორდზე სერიოზულად არც ვფიქრობდი. გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო, რატომაც არა, ბოლოს და ბოლოს კიდე 4 შანსი მქონდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.  Whitgift School  საკმაოდ გამოცდილი იყო ამ პროცესში და ეხმარებოდა მოსწავლეებს, რომ მათი მოხვედრის შანსები გაზრდილიყო. მეც გამოვიყენე ეს საშუალება. ვწერდი მოსამზადებელ ტესტებს,  სკოლამდე და სკოლის შემდეგ მქონდა დამატებითი გაკვეთილები ფიზიკასა და მათემატიკაში, სკოლა რეგულარულად მიტარებდა საცდელ ინტერვიუებს, ვკითხულობდი ფიზიკის წიგნებს. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ არ მეგონა რომ სათანადოდ კარგი ვიყავი ოქსფორდში ჩასაბარებლად,  ყველაფერი გავაკეთო რაც შემეძლო. ფიზიკაში ტესტირების და 3 ინტერვიუს შემდეგ 1 თვეში მომივიდა ოქსფორდიდან თანხმობა.
ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა ამ უნივერსიტეტში სწავლა, რადგან ყველამ იცის თუ რა სტრესთან არის ეს დაკავშირებული. მივხვდი რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მე მჯერა, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდე. უამრავი მაგალითია იმისა, როდესაც ადამიანებს სულაც არ დაუმთავრებიათ უმაღლესი სასწავლებელი და მაინც წარმატებულები არიან. ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მოველი იმას, რომ ის ამ ყველაფერს გაამარტივებს, გააღებს ბევრ იმ კარს, რომელიც სხვაგვარად დაკეტილი იქნებოდა.
– რას ფიქრობ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებზე და სწავლის ხარისხზე ჩვენ ქვეყანაში ?
– ქართული უნივერსიტეტების სწავლების შესახებ ბევრი არ ვიცი. ისევ აბიტურიენტი რომ ვიყო, ალბათ, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. ერთადერთი, რაც არ მომწონს ქართულ უნივერსიტეტებში ეს იმ საგნების სწავლაა, რომელიც შენ დიპლომთან პირდაპირ კავშირში არაა. ოქსფორდში მხოლოდ და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც ჩემ საგანთანაა კავშირში. რად მინდა მაგალითად, ფსიქოლოგიის სწავლა, როდესაც მე ქიმია ან მათემატიკა მაინტერესებს. ხშირად სტუდენტებს უწევთ ასეთი საგნების სწავლა, რათა საჭირო კრედიტების რაოდენობა დააგროვონ. ამის არგუმენტად ყოველთვის ზოგადი განათლება მოჰყავთ. ჩემი აზრით, ზოგადი განათლების მოცემა სკოლის და ოჯახის მოვალეობაა, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ის უნდა ისწავლო, რაც აირჩიე.
– გარდა სწავლისა რას საქმიანობ თავისუფალ დროს? გვიამბე შენ ინტერესებზე.
– ოქსფორდში უამრავი კლუბი და საზოგადოება გვაქვს. ყველაზე აბსურდული რაც კი მსმენია მაგალითად არის – „ღვინის დაგემოვნების საზოგადოება“. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალ დროს ოქსფორდში პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რისი ინტერესიც გაქვს.
ვარ ოქსფორდის კალათბურთის მეორე გუნდის წევრი და კვირაში დაახლოებით 8 საათს ამ სპორტს ვუთმობ. აუცილებელია, რომ სწავლის გარდა სხვა რამეში დახარჯო ენერგია, გადაიტანო ყურადღება. ეს მეხმარება სტრესის კონტროლში და ფიზიკური ენერგიის დახარჯვაში, რადგან ხშირად მთელი დღე მიწევს ბიბლიოთეკაში ერთ ადგილას ჯდომა.
ასევე მიტაცებს თხილამურებზე სრიალი. ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები აწყობენ ერთიან პროექტს სახელად “Varsity Trip”, სადაც 4 ათასამდე სტუდენტი ამ ორი სასწავლებლიდან მიდის საფრანგეთში სასრიალოდ. საღამოობით, ხშირად, რამდენიმე მეგობარი ბარში მივდივართ და 1 კათხა ლუდს ვსვამთ, ამასთან აუცილებელად ვსაუბრობთ გასულ კვირაზე, პოლიტიკაზე, “Brexit”-ზე, ლექციებზე, ვწუწუნებთ თუ როგორი რთულია სწავლა ან როგორი ცუდი ამინდი იყო იმ დღეს. გაუთავებელი წუწუნი ხომ ყველა ბრიტანელის საყვარელი რამაა. ზაფხულობით კი კვირაში ერთხელ,  ვენეციური გონდოლების მსგავსი პატარა ნავებით ვსეირნობ მდინარეზე მეგობრებთან ერთადგაგვიმხილე შენი წარმატების საიდუმლო.
ჩემი წარმატების საიდუმლო მარტივია. დაისახო მიზანი, შეაფასო რა გჭირდება მის მისაღწევად და გააკეთო მაქსიმუმი, რაც შეგიძლია, არ შეუშინდე პირველად წარუმატებლობას და აუცილებლად სცადო კიდევ.
არასდროს არ ვყოფილვარ ყველაზე შრომისმოყვარე სტუდენტი, თუმცა წარუმატებლობის შიში უფრო ცუდია ვიდრე სიზარმაცე. ამიტომაც როდესაც საჭიროა ბევრს ვშრომობ. თუმცა მხოლოდ შრომა არაა საკმარისი, უმჯობესია ჭკვიანურად იშრომო. შეაფასე შენი პრიორიტეტები სწორად, განსაზღვრე რა მოიტანს უფრო დიდ შედეგს და გააკეთე ის.
სწავლის დროს მხოლოდ ბიბლიოთეკაში ჯდომა და წიგნების კითხვა საკმარისი არაა. თუ კითხვისას რამეს ვერ გაიგებ, ჰკითხე შენ მეგობრებს თუ როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ პრობლემას, დაუსვი კითხვა შენს ლექტორს ან მასწავლებელს. ფიზიკაში ხშირად ვაწყდები პრობლემებს, რომელსაც ვერ ვხსნი და დღეები მიფიქრია მათზე. პირველი დამხმარე ყოველთვის წიგნია. თუ პასუხს პირველივეში ვერ იპოვი ,სცადე მეორე, მესამე. ხანდახან უმჯობესია შეისვენო, პრობლემას შორიდან შეხედო, იქნებ რამე გამოგრჩა ან უფრო მარტივია ვიდრე შენ გგონია.
რაც შეეხება უცხოეთში სწავლას, ჩემი რჩევაა აჩვენე რომ გარდა კარგი აკადემიური შედეგებისა, გაქვს რეალური ინტერესი ამ საგანში. წაიკითხე სტატიები, პოპულარული წიგნები შენ საგანზე,  უყურე ვიდეოებს იუთუბზე, მიიღე მონაწილეობა ოლიმპიადებში, კონკურსებში. ეს ყველაფერი დაამტკიცებს რომ შენ ამ საგნის რეალური ინტერესი გაქვს.
ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, რომლებმაც სწორად დამისახეს გზა, რომელიც უნდა გამევლო. მათ მიმიყვანეს ვეკუას სკოლაში, ისინი მაქეზებდნენ და მეხმარებოდნენ, როდესაც ვყოყმანობდი ოქსფორდში ჩაბარებაზე.
– გვიამბე სამომავლო გეგმებზე.
– ამჟამად ვარ დაინტერესებული “Machine Learning”-ით. ჩემი სამაგისტრო პროექტიც ამაზეა და იყენებს ამ ხერხს გალაქტიკების კლასიფიკაციისთვის.  თუმცა ML-ის (Machine Learning) გამოყენება ბევრ სხვა სფეროში შეიძლება გარდა მეცნიერებისა. სხვადასხვა დიდი თუ მცირე უცხოური კომპანია, როგორიცაა: Google, Facebook.,J.P. Morgan, Jane Street Capital და ბევრი სხვა,  უკვე იყენებენ ამ ხერხს, რომ უფრო კონკურენტ უნარიანები გახდნენ შესაბამის მარკეტში. მეც სამომავლოდ ამ სფეროში წარმოვიდგენ ჩემს თავს.
მომავალი 4-5 წლის განმავლობაში ბრიტანეთში დარჩენა და მუშაობა მსურს, ხოლო ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და ჩემი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება მინდა. კონკრეტული ხედვა თუ რას გავაკეთებ 10 წელიწადში არ მაქვს, როგორც იტყვიან – ცხოვრება გვიჩვენებს.
ავტორი: ანა ურუშაძე
http://studinfo.edu.aris.ge/

No comments:

Post a Comment