თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი შეიარაღება და ძალა გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
საზღვართან სამხედრო აქტიურობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რამდენიმე დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ დაგეგმილ საომარ ოპერაციას გადადებს და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იბრძოლებს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყნიდან საკუთარი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის სამხედრო აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა უნდა განთავსდეს პოსტებზე საზღვრის გასწვრივ მაშინ, როდესაც სამხედროების ნაწილი ელბეილის რაიონიდან სირიის ტერიტორიაზე გადავიდა.
19 დეკემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ სირიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას იწყებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. მისი განმარტებით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ჯარების სირიაში ყოფნის მიზეზი.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც და განმარტა, რომ სირიიდან ჯარების გასვლა „ისლამურ სახელმწიფოს“ გააძლიერებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment