საქართველომ თანამედროვეობა და ევროპა აირჩია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
როგორც ინტერვიუს წინასიტყვაში ჟურნალისტი წერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიმართა.
„საინაუგურაციო სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს ევროპულ კურსს დაიცავს“, - წერს ჟურნალისტი.
„ჩვენ ავირჩიეთ ევროპული გზა, ხედვა თანამედროვე მომავლისკენ, ჩემი არჩევაც სწორედ ამის ნიშანია. ჩემს ოჯახს საბჭოთა რეჟიმის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თუმცა, ახლა საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება... ჩემი მთავარი კონკურენტი საბჭოთა დიპლომატია. ის მუშაობდა რუსეთში, არის რუსეთის ინტერესების დამცველი და გამტარებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და ხედვამ მაიძულა, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და წავსულიყავი მათ წინააღმდეგ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის ტრადიციული ქართული იყო. მე დავამთავრე ფრანგული პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ამის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი და სახელმწიფო მართვის სკოლა. საქართველოში ასევე მყავდა ბაბუა, რომელმაც ფაქტობრივად დღევანდელ ეკონომიკას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს და საფრანგეთს ბევრი აქვს საერთო და სიმბოლური. ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებ საფრანგეთის მოქალაქეობას, ეს ჩვენი კონსტიტუციით შესაძლებელია“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment