Thursday, March 15, 2018

აშშ-მა დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსულ-ბრიტანულ დიპლომატიურ სკანდალს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა.
"აშშ სოლიდარობას უცხადებს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს. ვიზიარებთ დიდი ბრიტანეთის აზრს, რომ რუსეთი ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე უგუნურ თავდასხმაზე პასუხისმგებელია და მხარს ვუჭერთ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. რუსეთის ასეთი ქმედება შეესაბამება იმ ქცევის მოდელს, რომლითაც რუსეთი სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის იგნორირებას ახდენს, ძირს უთხრის მთელ მსოფლიოში ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ცდილობს დასავლური დემოკრატიული ინსტიტუციებისა და პროცესების დისკრედიტირებას. აშშ მუშაობს საკუთარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, რათა ასეთი საძაგელი თავდასხმა აღარ განმეორდეს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც ჩვენ ყირიმსა და საქართველოში ვიხილეთ, – განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.
ოფიციალური ლონდონი არ აპირებს მოსკოვს წარუდგინოს იმ ნივთიერების ნიმუშები, რომლითაც ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ბრალმდებლებს მტკიცებულებების მოყვანისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვითხოვთ, მოიყვანოთ მტკიცებულებები, რაც მომხდარში რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს“, განაცხადა ნებეზნიამ.
რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებით მოწამლეს
ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს. ტრამპი გეგმავს, საქმე ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეისთან განიხილოს, რათა სიტუაციაში გაერკვეს. მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.
13 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გავრცელა, რომლის შინაარსის თანახმად ვაშინგტონი სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს.
ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment