Monday, May 21, 2018

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა


ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლომ ბრალდებული ასევე დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. 
 
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში 12 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს.  შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ მოძალადეს ხელი შეუშალა, რის გამოც მან  ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა და ქალს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 
 
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ნივთმტკიცებების, მათ შორის დანაშაულის იარაღის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ი. ც. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  
სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც.-ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment