როგორც მოსალოდნელი იყო, მცირე პაუზის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ტერორისტები ისევ გააქტიურდნენ; რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიაში ISIS–ის შვიდი წევრი დააკავეს, რის შემდეგაც ადგილობრივმა პოლიციამ მასობრივი ჩხრეკა დაიწყო და საკმაოდ დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები ამოიღო.
"აღმოჩენილია 100 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება და სხვადასხვა სახის საბრძოლო მოწყობილობა. შემთხვევა ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ არნემში მოხდა, რომელიც ბელგიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საქმეში ჩართული იყო ადგილობრივი ძალოვანი უწყების ელიტარული ნაწილი... სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის განცხადებით, დაკავებულები ნიდერლანდებში დაგეგმილი მასშტაბური კულტურულ ღონისძიებების დროს, ასევე აფეთქებას გეგმავდნენ. ამასთან, ეჭვმიტანილებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია რამდენიმე ხალხმრავალი ადგილის შესახებ, ასევე შემუშავებული ჰქონდათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გააჩნდათ რუკები, სადაც ერთდროულად აპირებდნენ აფეთქების მოწყობას, რათა მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო..." - წერს bbc.com.
ჰოლანდიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში ტერაქტები ატრაქციონებზეც იგეგმებოდა. მათივე ცნობით, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და ისინი მაქსიმალურ მზადყოფნაში არიან, რადგან მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება უფრო ფართო ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს და რომელთანაც დაკავებულებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ.
bbc.com-ის ცნობით, შვიდივე დაკავებული როტერდამში იმყოფება. ეჭვმიტანილების ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, დაჯგუფების სათავეში 34 წლის ერაყელი ქურთი, ვინმე "ჰარდი" იდგა, რომელიც 2014 წელს სირიაში მოქმედი "ფრონტ ან-ნუსრას" ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული და სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლეს.
მისმა ძმამ ჰოლანდიურ ტელეკომპანია NOS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერაქტის დაგემვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა. თუმცა, პოლიციამ სპეცოპერაციის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოჰყავთ რამდენიმე ეჭვმიტანილი, არნემში, პრეზიკხარის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და ფრანგული სანომრე ნიშნებიანი მანქანებიდან.ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მათ შორის დაჯგუფების მეთაური არ ყოფილა და მისი აყვანა სხვაგან მოხდა... 16-დან 20 წლამდე ეჭვმიტანილები, ადრე სირიის საზღვართან, თურქეთის პოლიციასაც ჰყავდა დაკავებული...
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც "ვაილ ელ-ას" ზედმეტსახელით არის ცნობილი, გასულ წელს ჰოლანდიის ავიაბაზის პერიმეტრში, ბაზისთვის ფოტოების გადაღებისთვის დააკავეს... თუმცა, მისი და თურქეთის პოლიციის მიერ სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოტივი უცნობია.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს აყვანის პროცესში თან ჰქონდათ ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატები და ხელყუმბარებისა და შაჰიდის ქამრების მოპოვების გზებზე მუშაობდნენ. ამავდროულად, "დასავერბოვკებელთა" სიას ადგენდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჰოლანდიაში ტერორმიზმის საფრთხე 4-ბალით არის შეფასებული.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მასშტაბური ტერაქტისა და უდიდესი ტრაგედიის აცილება შეძლეს. "ბოლო წლებში ტერორისტების თავდასხმის შედეგაც ძალიან დაზარალდნენ ბრიტანეთი, საფრნაგეთი და გერმანია..." – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
ბოლო ხანებში, ჰოლანდიაში "განგაშის სიგნალი" არაერთხელ გაისმა. ბოლო სამი თვის განმავლობაში, სპეცსამსახურებმა არაერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment