აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს, რომლებიც ვაშინგტონის შეფასებით, საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. “ამერიკა რუსეთის დასჯას განაგრძობს”, - ასე ეხმაურება რუსული მედია სანქციების ახალ ტალღას.
“შავ სიაში” შეტანილი კომპანიები დღეიდან ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების, მათ შორის კომპიუტერული პროგრამების შეძენას ვეღარ შეძლებენ. ამავდროულად, სანქციები ავტომატურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც “შავ სიაში” შეტანილ რუსულ კომპანიებს ამერიკულ პროდუქციას მიჰყიდის.
რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის ხელშეწყობისა და აგრესიული კიბერქმედებების გამო, სანქციების ახალი ტალღის ფარგლებში შეზღუდვა დაუწესდა 12 იურიდიულ პირს და ასევე ისეთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, როგორიც არის Вектор, Syrus System, ИнфоТеКС, Океанос და სხვაკიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ასევე "დაისაჯა" Nilco Group-ია, რომელსაც თავისი ბაზები აქვს ბელორუსში, ირანსა და რუსეთში. “იმის გამო, რომ ის ირანის ბირთვულ პროგრამას მატერიალურ მხარდაჭერას უწევს, შეტანილია “შავ სიაში,” – წერს რუსული მედია.
“აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, ამერიკა უკვე სანქციების მეორე ტალღას ახორციელებს იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც რუსეთის თავდაცვასთან არიან დაკავშირებული. 20 სექტემბერს ამერიკამ სანქციები დაუწესა 27 ფიზიკურ პირსა და 6 საწარმოს, რომლებიც “რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის ინტერესების ფარგლებში მოქმედებდნენ...”
გარდა ამისა, პირველად შეეხო სანქციები იმათ, ვინც რუსეთის შეიარაღებას ყიდულობდა - ამ სიაში მოხვდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა და მისი მმართველი ლი შანფუ, რომლებიც რუსული Су-35-სა და С-400-ს ტიპის სარაკეტო სისტემების შესყიდვისთვის დაისაჯნენ" - წერს gazeta.ru.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს, მტრული ქმედებები უწოდა. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება, კიდევ უფრო დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. პესკოვის თქმით, ამერიკა ცდილობს მთავარი კონკურენტი რუსეთი მოიშოროს.თავის მხრივ, რუსი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ამერიკული სანქციები რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის საშიში სულაც არ არის:
"ჩვენი განვითარების ტემპის შემცირება, უბრალოდ შეუძლებელია, ასეთი სიტუაციიდან ყოველთვის ვიპოვით გამოსავალს..." - აცხადებს რუსეთის ფებდერაციის წარმომადგენელი იური ბორისოვი. მისივე თქმით, რუსეთი უკვე შეეჩვია კონკურენტისგან მკვეთრ ქმედებებს, რომელიც იარაღით ვაჭრობას თან ახლავს.
“პრინციპში, ჩვენი ძირითადი პარტნიორები და რუსული სამხედრო ტექნიკის მყიდველები ირანი და ჩინეთია და რატომ უნდა გავაფარმოთ მათთან კონტრაქტი დოლარში? არ არის ამის აუცილებლობა...” - აცხადებს ის რუს ჟურნალისტებთან საუბრისას და განმარტავს, რომ ეს შესაძლოა იყოს ევრო, შვეიცარული ფრანკი, ფუნტი ან რუპია.რუსი ეკონომისტებსა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია მსხვილი სავაჭრო გარიგებები ნაციონალურ ვალუტაში დადოს და ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოს; მათივე ცნობით, ამ სანქციებს უკვე პოლიტიკური სარჩული აღარ აქვს და “სავაჭრო ომის ელემენტებს მოიცავს...”
პოლიტოლოგ ალექსანდრე დუდჩაკის მოსაზრებით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის, როგორც კონკურენტის მოშორება. კიდევ ერთი ექსპერტის სტანისლავ ბიშოკის შეფასებით: “სანქციები უკვე არაფერ კავშირშია იმ ბრალდებებთან, რასაც რუსეთს უყენებენ, იგულისხმება უკრაინის ომი და სკრიპალების საქმე. ამერიკას უბრალოდ სურს, რუსეთი დააჩოქოს და კუთხეში მოიმწყვდიოს...”
საერთაშორისო სააგენტო Fitch–ს ცნობით, ეს სანქციები გამანადგურებელი დარტყმა იქნება რუსული სახელმწიფო ბანკებისთვის და ის მოსაზრება, რომ უცხოელ პარტნიორებთან კონტრაქტის დოლარის გარდა სხვა ვალუტაში გაფორმება სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, რუსეთი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციების მიმართ უკვე ადაპტირებულია.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment