კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მიანმარის ლიდერისთვის აუნ სან სუ ჩისთვის საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. კანადის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის მხარე ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო იყო.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა 2007 წელს გადასცეს.
გარდა მოქალაქეობის ჩამორთმევისა, 21 სექტემბერს, კანადის პარლამენტმა მიანმარში როჰინჯების მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა.
19 სექტემბერს გაირკვა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო.
მანამდე გაეროს ანგარიშით გაირკვა, რომ გაერთიანება ზოგიერთი მიანმარელი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ანგარიშში წერია, რომ ისინი, სავარაუდოდ, დამნაშავეები არიან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობასა და გენოციდის საქმეზე.
გაეროს ოფიციალურ ანგარიშში განაცხადეს, რომ მიანმარის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები შტატ რაკჰაინში გენოციდად და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის მუხლით უნდა გამოიძიონ. ანგარიში ათასობით ინტერვიუზე დაყრდნობით დაიწერა და გაეროს მიერ გენოციდის ყველაზე მკაცრი დაგმობის დოკუმენტად იქცა. საქმეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განიხილავენ.
მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.
MSF-ის ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან ერთ თვეში, სულ მცირე, 6700 როჰინჯა, აქედან 730-ზე მეტი ბავშვი მოკლეს, თუმცა მიანმარის მთავრობა განმარტავს, რომ ისინი როჰინჯა სამხედროებს ებრძვიან და არა მშვიდობიან მოქალაქეებს.
როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment