ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს და მოქალაქეობას დაუბრუნებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, როგორც ირკვევა, შეწყალების მიუხედავად, ექს პრეზიდენტს საქართველოში შემოსვლისთანავე დააკავებენ.
იურისტ რევაზ აჭარაძის თქმით, იქამდე, სანამ პირის მიმართ განაჩენი არ დადგება და მსჯავრდებულის სტატუსი არ ექნება, მისი შეწყალება შეუძლებელია. ამჟამად, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ორ საქმეზე განაჩენია დამდგარი, ხოლო სისხლის სამართლის ორ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.
"მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეტაპზეა საქმის განხილვა - აპელაციაში თუ უზენაესში, რადგან პირველივე ინსტანციის განაჩენის შემდეგ, პიროვნება ითვლება მსჯავრდებულად. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული. პრეზიდენტს რაიმე შეზღუდვა, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, იმის მიუხედავად საქმე უზენაესშია თუ აპელაციაში, არ აქვს.რაც შეეხება სხვა საქმეს, სადაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ საქმეებში პიროვნება ითვლებად ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად. როდესაც პირი ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად, ანუ სანამ პირველი ინსტანციას განაჩენი არ აქვს დამდგარი, პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გაგრძელდება საქმე. თუ პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე იქნება დაკავებული" - განუცხადა AMBEBI.GE-ს საია-ს იურისტმა.
სააკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, შემდეგ ორ საქმეზე აქვს მისჯილი: "ტელეიმედის" 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე.
კიდევ ორ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. ვალერი გელაშვილის ცემის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- "იმედის" დარბევის საქმე
"ტელეიმედის" 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასე გამოიყურება:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარდგენილია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების დასახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ემუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერსამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).სააკაშვილს შეფარდებული აქვს პატიმრობა და მასზე გამოცხადებულია ძებნა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან - ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიგი უგულავა.
- სანდრო გირგვლიანის საქმე
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 5 იანვარს ცნობილი იქნა დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან დათა და ბაჩო ახალაიები და ვანო მერაბიშვილი.
- თანხის გაფლანგვის საქმე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, 2014 წლის 13 აგვისტოს, წარედგინა ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სააკაშვილს ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა მასზე ძებნა არ გამოცხადებულა. ამავე საქმეზე ბრალდებულია სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.
- გელაშვილის ცემის საქმე
რაც შეეხება ვალერი გელაშვილის ცემის საქმეს, პროკურატურის მიერ AMBEBI.GE-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთლეობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.ამჟამად მიმდინარეობს საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.
ავტორი: ლექსო ნაბახტეველი
No comments:
Post a Comment