ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალური წარმომადგენელის ბრიგადის გენერლის, რონენ მანელისის განცხადებით, ისრაელი რეზერვისტების გამოძახებას დაიწყებს.
როგორც გენერალმა ქვეყნის რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რეზერვისტების გამოძახება უახლოეს საათებშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში რეზერვის გამოძახება გაფართოვდება.
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს. „ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.
„ისრაელის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ღაზას სექტორიდან 370 ჭურვია გაშვებული ისრაელის მიმართულებით. დაახლოებით 100 ჭურვი მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის მიერ“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-მდე ობიექტზე.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment