Thursday, November 1, 2018

ჯეიმს მეტისი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
თავის სიტყვაში ბახტაძემ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, ოკუპაციასა და საქართველოსა და რეგიონში მშვიდობის მნიშნელობაზე ისაუბრა. ასევე, სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მან, აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან, გენერალ ჯეიმს მეტისისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო საქართველოს მადლობას უხდის. 
"წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და  იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი", - წერია ჯეიმს მეტისის მიერ ბახტაძისთვის გაგზავნილ წერილში.
ჯეიმს მეტისმა საქართველოს მხარდაჭერა ოქტომბრის დასაწყისშიც გამოხატა.
1-2 ნოემბერს ბათუმი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“
imedinews.ge

No comments:

Post a Comment