Tuesday, November 13, 2018

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობა საქართველოში რევოლუციას ვერ ეღირსება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დესტაბილიზაციის გეგმა და ქვეყანაში რევოლუცია სურთ. კობახიძის თქმით, პოლიტიკური ძალა ამის განხორციელებას ვერ შეძლებს. 
„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პიარ-ტექნოლოგების ფრაზებიდან, პირდაპირ საუბრობდა მაგალითად რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია, ასევე საუბრობდა სააკაშვილი იმაზე რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია ის მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა ისინი საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან",- ამბობს კობახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს. რადიოსადგურ "ეხო მოსკვიზე" გამოქვეყნდა სტატია სათაურით „3 დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“.
„არსებობს შანსი იმისა, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მოხდეს არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია,“ რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებში აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი.“ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ - წერს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართეს. 7-კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტი წარმოადგენს.
პიარსპეციალისტები ვაშაძის რუსი პიარკონსულტანტების მუშაობაში ქვეყნისთვის საფრთხეს ხედავენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment