არასამთავრობო ორგანიზაციები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შემდეგ მიზეზთა გამო:
- საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.
- სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ცესკოს გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
დღეს ცესკოში, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა.
7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment