Thursday, February 28, 2019

რა სქემა გაშიფრა გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით 10 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციისა და შემდეგ განვითარებული მოვლენები გაშიფრა. დეტალები გენერალურმა პროკურატურამ დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროვა.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სქემა, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, 2008 წელს იწყება. კერძოდ საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2008 წლის 21 მარტს "თიბისი ბანკი" კომპანია "სამგორი M-ზე" 7 მლნ 800 ათასი დოლარის სესხს გასცემს, 29 აპრილს დამატებით 1 მლნ 300 ათას დოლარს.
ამ დროის მონაცემებით, "სამგორი M"-ის წარმომადგენლებად პროკურატურის ინფორმაციაში, ვახტანგ წერეთელი და ნოე თოფურია არიან მოხსენიებული. ამ სესხების გაცემიდან დაახლოებით ერთ კვირაში "თიბისი ბანკი" მორიგ სესხს გაცემს, ისევ ორ ტრანზაქციად, ჯამურად სესხის ოდენობა 7 მლნ 564 ათასი დოლარი იყო. ამ კომპანიის წარმომადგენლადაც პროკურატურის ინფორმაციაში დასახელებულები არიან ვახტანგ წერეთელი და დავით ჭუბაბრია.
ამის შემდეგ, როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, ორივე კომპანია სესხის მიღებისთანავე, თანხებს უბრუნებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ანუ იმ ბანკის დამფუძნებლებს, საიდანაც სესხი აიღეს. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე 21 და 29 აპრილს "სამგორი M"-ისგან სესხის სახით ჯამში 8 მლნ 982 ათასზე მეტ ლარს იღებს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე იმავე თარიღებში და იმავე კომპანიისგან ჯამურად 4 მლნ 236 ათას ლარზე მეტს.
მორიგი ტრანზაქცია, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებზე და ამჯერად "სამგორი თრეისისგან" ხორციელდება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2008 წლის 7 მაისს მამუკა ხაზარაძე "სამგორი თრეიდისგან" სესხულობს 7 504 ათას ლარზე მეტს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე 3 მლნ 539 ათას ლარზე მეტს.
გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც "თიბისი ბანკის" მიერ ორ კომპანიაზე გაცემული სესხი ასევე სესხის სახით მიდის ამავე ბანკის დამფუძნებლებთან, ისინი პროკურატურის მტკიცებით, პირადი სესხების გადასაფარად მთლიან თანხას რიცხავენ ფიზიკური პირებისა და ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე.
ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები.
რაც შეეხება ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას, პროკურატურის ინფორმაციით, სქემა ასე გრძელდება, სესხების გაცემიდან 4 წლის შემდეგ, 2012 წელს "სამგორი M"-ის და "სამგორი თრეიდის" სასესხო ვალდებულებები ოფშორულმა კომპანიამ გადაიწერა, ისე, რომ მსესხებლების მიმართ, კერძოდ ვახტანგ წერეთელს, ნოე თოფურიას და დავით ჭუბაბრიას მიმართ, არანაირი სანქციები არ გატარებულია. ის ოფშორული კომპანია კი, რომელმაც საბოლოოდ გადაიწერა, "თიბისი ბანკის" მიერ "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხები არის "მარტელო გრუპ ლიმიტედი", რომლის წამომადგენლად პროკურატურის მონაცემებში პაატა ღაძაძე ფიქსირდება. ღაძაძე მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ახლა ის "თიბისი დაზღვევის" ხელმძღვანელია და დღეს "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე არაფერი ახსოვს.
დღეს გენერალურ პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ "თიბისი ბანკის" საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა გრძელდება. თუმცა ვინ აძლევს გამოძიებას ჩვენებას ამის გამჟღავნება პროკურატურას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გენერალური პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი ჩაშლილ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხი იყო. 
"იქ ბრალდება არ მომისმენია, ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციებისა, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და არანაირად არ შეიძლება, სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა პროკურატურის კომპეტენცია იყოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 
ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, ფულის გათეთრება გამორიცხულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთო წერეთელმა სააგენტო GBC-ს განუცხადა. მისივე თქმით, ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩამოწერა ერქვა, ახალახანს რომ განხორციელდა, „თიბისიმ“ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა. რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, - აცხადებს ავთო წერეთელი.
ამასთან, პროკურატურის ლექსიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მისი ვინაობის გაცხადებისგან დღევანდელ ბრიფინგზე თავი შეიკავა, წინა შემთხვევისას კი დაასახელა, რის გამოც, გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაზე შეუძლია მხარემ უჩივლოს და თავს ვერც გაიმართლებს.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა.
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 
imedinews.ge

1 comment:

  1. თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

    ReplyDelete