Tuesday, February 26, 2019

რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური?

1888 წლის 24 დე­კემ­ბერს ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა “Le Petit Journal” წერს: "გუ­შინ სა­ღა­მოს რო­მე­ლი­ღაც მხატ­ვა­რი ჰო­ლან­დი­ი­დან, სა­ხე­ლად ვინ­სენ­ტი, მას შემ­დეგ, რაც ყური სა­მარ­თებ­ლით მო­იჭ­რა, მი­ვი­და სა­როს­კი­პოს კარ­თან და და­რაჯს "ქა­ღალ­დის ნა­ჭერ­ში გახ­ვე­უ­ლი ყური მის­ცა". ვან გოგ­მა მას უთხრა: "აიღე, ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა". მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და"
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეს გახლავთ პირველი გამოხმაურება ვან გოგის ყურის მოჭრის ისტორიის შესახებ. მას შემდეგ კი მრავალი ჭორი თუ თეორია შეიქმნა ამ ქმედების მიზეზის დასადგენად. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგებისათვის, რომ ერთ-ერთ სინდრომს მისი სახელიც კი უწოდეს.
ვან გოგის სინდრომი ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, გარკვეული ფაქტები და ისტორიები საშუალებას გვაძლევენ, რომ ვარაუდი გამოვთქვათ მხატვრის ამ ქმედების ასახსნელად. ფსიქობიოგრაფიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (Schultz, W. T. (Ed.). (2005). Handbook of psychobiography. Oxford University Press.) ფსიქოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით განხილულია რამდენიმე მიზეზი იმის ასახსნელად, თუ რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური.

  • პირველი მიზეზი, რითიც შეიძლება აიხსნას ვან გოგის ქმედება დაკავშირებულია მისი ძმის თეოს ნიშნობასთან.
გადმოცემის თანახმად, ვან გოგი ემოციურად და ფინანსურად დამოკიდებული იყო თავის ძმაზე და შობას ყოველთვის მასთან ერთად ატარებდა. იმ წელს კი თეო დაინიშნა და შობის გატარებას ახალ ოჯახთან ერთად გეგმავდა. ამ ვარაუდის მიხედვით, ვან გოგის მიერ ყურის მოჭრა მისი გაუცნობიერებელი ქცევა იყო ძმის ყურადღების მისაპყრობად და მისი მზრუნველობის მოსაპოვლებლად.
ასევე ბიოგრაფმა ბეილიმ მტკიცებულება მოიპოვა, რომლის თანახმად, ვან გოგმა ყური მას შემდეგ მოიჭრა, რაც ღვიძლი ძმის, თეოს ნიშნობის შესახებ შეიტყო. “ვინსენტს თეოს დაკარგვის ეშინოდა. იგი შიშობდა, რომ ძმა ფინანსურ მხარდაჭერას აღარ გაუწევდა, რაც რძლის უეცარ გამოჩენასთან იყო დაკავშირებული”, – განაცხადა ბეილიმ.
  • მეორე ახსნა უკავშირდება პოლ გოგენთნ თანაცხოვრებას. ფსიქოანალიტიკური მიდგომის მიხედვით, შესაძლოა ვან გოგს ჰომოსექსუალური იმპულსები გასჩენოდა პოლ გოგენის მიმართ. ჰოლანდიურად კი ყური და პენისის სლენგი ერთმანეთს ძალიან ჰგავს (lel და lul). ამ ახსნის მიხედვით ყური გახდა ფალური ორგანოს სიმბოლო. შესაბამისად ვან გოგმა ყურის დაზიანებით სექსუალური იმპულსების ჩამოშორება სცადა.
  • შემდეგი ინტერპეტაცია უკავშირდება ტრადიციას, რომელიც ვან გოგმა ტორეადორების ყურებისას იხილა და მეტად აღფრთოვანდა. ტრადიცია შემდეგში მდგომარეობდა: გამარჯვებულ მატადორებს საჩუქრად გადაეცემოდათ ხარის ყური, რასაც ხალხს წარუდგენდგნენ და შემდეგ თავიანთ რჩეულ ქალბატონებს გადასცემდნენ. ამ ახსნის თანახმად, შესაძლოა ვან გოგიც ამ იდეით იყო შთაგონებული და ამიტომაც გაუგზავნა შემგომში ყური საყვარელ ქალბატონს.
  • ვან გოგის ამ ქმედებას ასევე უკავშირებენ „მფატრავი ჯეკის“ (Jack the Ripper) შესახებ გავრცელებული ისტორიების გავლენას. იმ პერიოდში აქტიურად იწერებოდა სტატიები სერიულ მკვლელზე, სახელად „მფატრავი ჯეკი“, რომელიც მეძავებს სადისტურად კლავდა და შემდეგ ყურს აჭრიდა. ვან გოგმა კი სადისტური საქციელის ნაცვლად, მაზოხისტური საქციელი ჩაიდინა - საკუთარი ყური მოიჭრა და მეძავს გაუგზავნა .
  • შემდეგი ინტერპრეტაცია ყურადღებას ამახვილებს მისი ძმის, სახელად ასევე ვინსენტის სიკვდიზე, რომელიც მხატვრის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ამიტომ დედა ჯერ კიდევ გარდაცვლილ ბავშვს გლოვობდა, მას აღმერთებდა და მხატვარი ვინსენტის მიმართ დიდ ყურადღებასა და სიყვარულს არ ამჟღავნებდა. ბავშვები კი განსაკუთრებით საჭიროებენ უპირობო დადებით განწყობას მშობლების მხრიდან. 

    ჰუმანისტური თეორიების მიხედვით ბავშვს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უყვართ, ეყვარებათ და მოეწონებათ. ამას გარდა უპირობო დადებითი განწყობა არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრების მანძილზე დიდ როლს თამაშობს პიროვნების კეთილდღეობაში. ეს ყველაფერი კი ვან გოგს დედის მხრიდან ნამდვილად აკლდა გარდაცვლილი ძმის გამო. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ყურის მოჭრით მხატვარმა სიკვდილი გაითამაშა, რათა დამსგვასებოდა იმ გარდაცვლილ ძმას, რომელსაც დედა აღმერთებდა.
  • ვან გოგი იმ პერიოდში ხატავდა „Woman rocking a cradle“-ს, რომელზეც გამოსახული იყო ქალბატონი - მადამ რულინი. ვან გოგზე რულინების ოხაჯმა დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ისინი ღიად გამოხატავდნენ სითბოსა და სიყვარულს შვილების მიმართ. თვითდაზიანებით კი ვან გოგმა ყურადღების მიქცევა სცადა, რათა მასაც ეგრძნო სითბო და სიყვარული ამ ოჯახისგან. ცნობილია, რომ ამ ფაქტის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მართლც მივიდა მხატვართან და მოინახულა.
  • ბოლო ახსნა კი შემდეგში მდგომარეობს: ვან გოგს ხშირად აწუხებდა ფსიქიკური შეტევები, რომლის დროსაც ჰალუცინაციები ჰქონდა. მხატვარს საზარელი და შემაწუხებელი ხმები ესმოდა, რასაც ის ყურის ნერვების დაზიანებას აბრალებდა. ამ იტერპრეტაციის მიხედვით სწორედ ერთ-ერთი შეტევის დროს მოიჭრა ვან გოგმა ყური, რათა ეს შემაწუხებელი ხმები ჩაეხშო.
ვან გოგის ყურის მოჭრის ამ მიზეზების გარდა ასევე უნდა აღინიშნოს ისტორიის მეორე მხარეც. მაგალითად, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყური კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგმა, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა.
თუმცა ბიოლოგიური ფაქტორები, ვან გოგის ფსიქიკური დიაგნოზი და მისი წერილები უფრო მეტად აძლევენ ფსიქობიოგრაფებს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მხატვარმა მართლაც თავად მოიჭრა ყური.
დასკვნა
წიგნში განხილულია განსხვავებული ინტერპრეტაციები ვან გოგის შემთხვევასთან დაკავშირებით. თუმცა მაინც რთულია იმის თქმა, თუ რომელი შეესაბამება სრულ სიმართლეს. როგორც წესი შემთხვევის შემსწავლელები ახსნისთვის, თავდაპირველად, ფსიქოდინამიკურ მიდგომებს იყენებენ, რათა ერთის მხრივ გაუგებარი მოვლენები უფრო მარტივად ახსნან არაცნობიერის ცნების გამოყენებით. ვან გოგის შემთხვევასთან დაკავშირებითაც სწორედ ასეა. მოცემული ვარაუდებიდან უმეტესობაში, ვან გოგის თვითდაზიანება განხილულია, როგორც არაცნობიერი მიზეზებით განხორციელებული ქმედება და არა რაციონალური გადაწყვეტილება.
როდესაც საქმე ფსიქობიოგრაფიასა და ადამიანის ცხოვრების კონკრეტული მოვლენის აღწერასა და ახსნას ეხება, საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. ვან გოგის ყურის შემთხვევაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ერთი მოცემული ინტერპრეტაციით შემთხვევის განხილვა არ არის ამომწურავი და საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა მიდგომები, ფაქტები და მოვლენენები, რაც შემთხვევის სრულად გაგების საშუალებას მოგვცემს.

intermedia.ge
ავტორი:ანანო ჭელიძე

No comments:

Post a Comment