Saturday, March 10, 2018

ციხელაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმიანება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილი პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი, მიმართული იქით, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს.
„ პრემიერის ეს განცხადება გახლავთ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ გზავნილებს ეს ერთის მხრივ არის ჟენევის ფორმატის გააქტიურება მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობით.
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გააცნობიეროს.
"სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად", - წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.
სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.
ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს."
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment