Sunday, March 4, 2018

კურტ ვოლკერი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების გაუქმების მომხრეა

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ აუცილებელია თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გაუქმება, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ამის შესახებ ვოლკერმა ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ვოლკერი რეგულარულად მართავს შეხვედრას როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან, ისე რუსეთის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვთან. ვოლკერის თქმით დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთის მიერ შეიქმნა "რუსეთის როლის შენიღბვისა და კონფლიქის გაჭიანურებისათვის ხელის შეწყობის მიზნით“.
ვოლკერის თქმით სეპარატისტული წარმონაქმნების ადგილი არ არის უკრაინის კონსტიტუციაში, ხოლო მინსკის შეთანხმებების მიზანს წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის განცხადებას გამოეხმაურა მოსკოვი.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა, ალექსეი პუშკოვმა ვოლკერს უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების "ჩაშლის" საქმეში. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის შემადგენელი ნაწილია და მათი თანხმობის გარეშე, დონბასში ვერანაირი სამშვიდობო ძალები ვერ შევლენ“, - განაცხადა პუშკოვმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment