Thursday, November 15, 2018

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო.
სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს.
„2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა,“ – იხსენებს დავითი.შემთხვევის დროს გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილ გემ  M.T. SEAPOWER-ის ბორტზე 16 მეზღვაური იყო – 14 საქართველოს, 1 უკრაინის და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. წელს ამ ნომინაციაზე M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟი მალტის მთავრობამ წარადგინა, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვ, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.
დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.
batumelebi.net.gazeti.ge

No comments:

Post a Comment