ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ქართველმა ხალხმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრები არ ვართ, უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატო-ს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ქართველ ხალხს იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირდება და არა ნაკლები. “ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, ვინც ევროპით იმედგაცრუებულია. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დაუახლოვდებიან ევროპას”, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში რუსეთის შესახებაც ისაუბრა."იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლაა, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსეთთან მარტოდ დარჩენა. ამიტომაც ჩვენ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და ისინი ჩვენს გვერდით და ზურგს უკან უნდა იყვნენ. მომავალში ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ ეს მარტო არ უნდა ვქნათ. ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ჩვენი პოზიცია და შევათანხმოთ ის ევროპელ პარტნიორებთან. თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთთან დიალოგისკენ სვლას დაიწყებენ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო გვერდზე არ დატოვეს, რომ საქართველოს პრინციპები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ამ მოლაპარაკებების ნაწილია და საიმედოდ დაცული იქნება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო გვერდზე არ დარჩება.
“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ისრაელის შესახებაც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ისრაელი საქართველოს პარტნიორი და მოკავშირეა.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო და ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ისრაელი ყოველთვის მხარს გვიჭერდა. ისრაელსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ. ეს ორი პატარა ქვეყანაა, რომელსაც უწევს თავისი დამოუკიდებლობის დაცვა. საქართველოს ისტორია ყოველთვის იყო ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება და დაცვა. საქართველოს დასჭირდება ძლიერი პარტნიორები თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის და ეს ის სფეროა, სადაც შეგვიძლია ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.
"მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე. პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედ მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა.
“აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ის დღეს უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას არასტაბილურობა არ სჭირდება. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მისცა - ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია”, - დასძინა მან.
სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება უკვე მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მიულოცა, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბელორუსის პრეზიდენტმა ალქსანდრე ლუკაშენკომ, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მარია ფერნანდა ესპინოსამ და სხვებმა. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას მიესალმება ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აშშ ელოდება მუშაობას საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, რათა გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
"მათ შორის უნდა აღვნიშნოთ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიაში", - დასძინა მან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment