Tuesday, November 27, 2018

პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა პირველ ტურთან შედარებით 3 932 მოქალაქით გაიზარდა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ მონაცემებში 3 562 369 პოტენციური ამომრჩეველია, მათ შორის არიან პირები, ვისაც 1 დეკემბრამდე პერიოდში უსრულდებათ 18 წელი. ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
არჩევნების პირველი ტურისთვის, 12 ოქტომბერს ცესკოსთვის გადაცემულ მონაცემებში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველი იყო. შესაბამისად, ვინაიდან ახალ მონაცემებში შედის ის 3 932 მოქალაქე, რომლებსაც 28 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის პერიოდში უსრულდებათ 18 წელი, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაც სწორედ ამ ოდენობითაა გაზრდილი. ამ მიზეზით პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში სააგენტოს მიერ ცესკო-სათვის გადაგზავნილ მონაცემებში სხვაობა შეადგენს 3 932-ს.
უწყების ინფორმაციით, ყოველდღიურად მცირდება იმ პირთა რიცხვი, ვისაც არაელექტრონული, ე.წ. ძველი ტიპის პირადობის მოწმობა აქვს. პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურამდე პერიოდში 13 153-ით ნაკლებია მათი რიცხვი, ვისაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს. 12 ოქტომბერს სააგენტოს მიერ გადაცემულ სიაში ასეთი იყო 790 484 პირი, ხოლო 12 ნოემბერს გადაცემულ სიაში – 777 331.
პირადობის ელექტრონული მოწმობები იბეჭდება მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და  ქუთაისში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, მეორე ტურისთვის ცესკოსთვის სიების გადაცემის პერიოდში, გარდაბანსა და წალენჯიხაში, საგამონაკლისო არც ერთი არაელექტრონული პირადობის მოწმობა არ გაცემულა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment