საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დაიწყო.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საარჩევნო შტაბიდან რამდენიმე პირის გადაყვანას გეგმავს.
როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, იმ პირებს შორის, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი საკუთარ გუნდში მოიაზრებს, არიან: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი. აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ, მათ შორის უშუალოდ კახა სამხარაძე რამდენიმე თვის განმავლობაში შტაბს ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი კახა სამხარაძისთვის რეგიონების მცხოვრებლებთან ურთიერთობის მიმართულების, სიმონ პედრედისისთვის კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის საკითხების ჩაბარებას გეგმავს.
როგორც აღნიშნულმა პირებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან მათ შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, ეს საკითხი არა მან, არამედ პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს.
„თქვენ იცით, რომ ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ამიტომ ასეთი რამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს, ალბათ, უფრო პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. როდესაც მისმა უწმინდესობამ 2010 წელს დამნიშნა თავისი ფონდის ხელმძღვანელად, მაშინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნებით დავნიშნულვარ და ჩემი ნებითაც არ წავალ. ეს მისი უწმინდესობის გადასაწყვეტია,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე კი აცხადებს, რომ შემოთავაზება ოფიციალურად ჯერ არ ყოფილა და ამაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება სიმონ პეტრედისს, მისი თქმით, იგი სალომე ზურაბიშვილის მეგობარია და სადაც დასჭირდება, იქ დაეხმარება.
„ჩემთვის არ უთქვამს თვითონ სალომეს არაფერი და ვნახოთ. მე სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და რაც იქნება ვნახოთ. მე ვმეგობრობ სალომესთან და სადაც დავჭირდები, რა თქმა უნდა, იქ მივეხმარები,“ - განაცხადა სიმონ პეტრედისმა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, შესაძლოა, ლაშა ჟვანიამ ან ბიძინა გიორგობიანმა დაიკავონ.
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სწორედ ჟვანიას და გიორგობიანის კანდიდატურებს განიხილავს.
როგორც ბიძინა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ასეთი შემოთავაზება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას სალომე ზურაბიშვილის გუნდში ყოფნას შესთავაზებენ, კონსულტაციებს გაივლის.
"ასეთი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა თუ იქნება, კონსულტაციებს გავივლი. მე სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიყავი თავიდანვე და მის გვერდით ვიქნები ბოლომდე," - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment