ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, აზოვის ზღვაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კიევის თხოვნით ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თხოვნით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ელჩების დონეზე ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევა გადაწყვიტა. სხდომა დღეს, დღის მეორე ნახევარში ბრიუსელში გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ პეტრო პოროშენკომ და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას აზოვის ზღვაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.
არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment