Friday, November 30, 2018

ეკა გიგაურმა შესაძლოა გოგა ხაინდრავას სტრასბურგში უჩივლოს

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც გიგაური წერს, მან შესაძლოა სამართლებრივი დავა სტრასბურგში განაგრძოს.
“დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.
რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე, დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ.
აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც", - წერს გიგაური.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ხაინდრავას განცხადებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები განადგურებულია. ყოფილი მაღალჩინოსნები კი დაადასტურებენ, რომ პრემიები სასაზღვრო პილიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბრის დარბევიდან რამდენიმე დღეში მიიღეს, ხოლო ამავე პერიოდში ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება დარბევის წახალისებითვის მიენიჭა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment