Tuesday, November 27, 2018

The The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-მა ჯილდო _ „ერის იდენტობის გამომხატველი საუკუნის სახელი“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიანიჭა

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ები“ ყოველწლიურად აჯილდოვებს გამორჩეულ ადამიანებს. წელს მათ საიუბილეო თარიღი, _ 15 წლისთავი, _ შეუსრულდათ. ა.წ. 26 ნოემბრის ღონისძიება განსაკუთრებული იყო იმით, რომ ყოველწლიურად დაჯილდოებულთა და ,,საუკუნის სახელების“ გარდა გამორჩეული ნომინაციები წარმოჩინდა.
სრულიად ახალი, განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-თან ერთად ,,სახე(ლ)ებმა“ მიანიჭეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
მათგანვე სპეციალური პრიზი ,,შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისთვის“ გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.
გამომცემლობა ,,სახე(ლ)ების“ მიერ დაწესებული ,,საუკუნის სახე(ლ)ების“ პრიზი მიიღეს: კომპოზიტორმა გია ყანჩელმა, ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, ფერმწერმა და სცენოგრაფმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა.
ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი გახდა  5 ბიზნესმენი: მამუკა ხაზარაძე, ნოდარ გიორგაძე, ირაკლი გურჩიანი, გეგი ქელბაქიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი და 4 კომპანია: ,,ალიანს ჰოლდინგი“, ,,ალმა“,  ,,BWC”, ,,ნოვა“, ასევე დაჯილდოვდა  წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოეთში (დეა მეტრეველი)  და „წლის ოჯახის ექიმი” მარიამ მალაზონია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,სახე(ლ)ები“ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად იწყებს სოციალურ საქმიანობას, _ უმწეო მოხუცებულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის, _ ,,ბედნიერების სახლის“ მშენებლობას.
ამ მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქომ გამოყო ტერიტორია ოქროყანასთან და მისმა უწმინდესობამ პირველი შეწირულობაც გაიღო. სახლის მშენებლობისთვის გამართულ აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად გაიტანეს მისი უწმინდესობის მიერ საჩუქრად გადაცემული საწერი კალამი, რომელიც 8100$ გაიყიდა.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ,,ბედნიერების სახლი“ მალე აშენდება და სიხარულს მიანიჭებს არაერთ უნუგეშოდ მყოფს.
http://patriarchate.ge

No comments:

Post a Comment