მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.
პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორმა 48 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
სასტუმროს არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 მ2 ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.
სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია.
სასტუმროს ჰოლს გაანათებს სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის დამზადებული 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“. სასტუმრო კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.
კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 ათასამდე სასტუმროს აერთიანებს.
Wyndham Hotels & Resorts-სი სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.
სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით აშენდა. შემდეგ მშენებლობის პროცესი კომპანია „სიტი ემ“-მა გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“.
კომპანიის „სიტი ემ“-ის მიზანია საქართველოში ინვესტირება განაგრძოს. კერძოდ კაპიტალის დაბანდებას მძიმე მრეწველობაში გეგმავს. ჯამში, კომპანიის ინვესტიცია ქვეყანაში 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment