Friday, June 21, 2019

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა.
მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.
განცხადება ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ ნიუ ჰოსპიტალსის შენობასთან გააკეთა. მან კლინიკაში დაშავებულები მოინახულა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ჯანდავის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები მოინახულა.
„ინგოროყვას კლინიკაში მოყვანილი იყო 46 პაციენტი , აქედან 35 გაწერილია და რჩება 11 პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება. ყველას მდგომარეობა არის სტაბილური .
ჯამში სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240 დან 80 იყო პოლიციელი.
ჩატარდა ორი ქირურგიული ოპერაცია. ამ დრომდე ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ გქონია“. 
პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. 
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment