თბილისის საზღვრებში მტკვრის შენაკადებს პერიოდულად წყალმოვარდნები ახასიათებს, რასაც არაერთხელ მოუტანია დედაქალაქისთვის დამანგრეველი შედეგები. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მტკიცებით, 2015 წლის 13 ივნისის მსგავსი მოვლენების განმეორების რეალური საშიშროება კვლავ არსებობს. სპეციალისტების თქმით, კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხის წინაშეა დედაქალაქის სხვა ხევებიც.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში მტკვრის შენაკადებზე მომხდარი ძლიერი წყალმოვარდნების შესახებ ისტორია მრავლად ინახავს ფაქტებს. წავკისის წყალზე 1902 და 1955 წლებში მომხდარმა წყალმოვარდნებმა მთლიანად გაანადგურა მდინარის შესართავთან მდებარე აბანოების უბანი. 1955 წლის წყალმოვარდნამ კი 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ძლიერმა წვიმამ აადიდა ღელეები, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა - სოფლიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც ურმებით ღამის გასათევად იყვნენ დაბანაკებულნი, მოულოდნელად ღელედან მოვარდნილმა ნიაღვარმა ხარ-ურმებიანად გაიტაცა და მტკვარში ჩაიტანა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ამავე მდინარეზე 1963 წელს მომხდარმა წყალმოვარდნამ თბილისის ზოოლოგიური პარკის დიდი ნაწილი გაანადგურა. თბილისისათვის ასევე კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა 1940 წლის 10 მაისს მტკვრის რამდენიმე შენაკადზე ერთდროულად მოსული ძლიერი წყალმოვარდნა. წყალმოვარდნებმა ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე თბილისში
არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის 2018 წლის კვლევაში - "კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე თბილისში" წარმოდგენილია მტკვრის ის შენაკადები, რომლებიც საფრთხისმატარებელია. თბილისის საზღვრებში მტკვარს რამდენიმე მდინარე უერთდება: კრწანისის წყალი, ლეღვთახევი, ვერე, დიღმისწყალი, გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი და ა.შ. ამასთან, ქალაქში ათეულობით მშრალი ხევია, რომლებშიც წყალი მხოლოდ გადაუღებელი წვიმების დროს მოედინება.
CENN-ის კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანის მოქმედებებმა, მათ შორის - მდინარის შენაკადების აუზებთან ტყეების გაჩეხვამ, კალაპოტისპირა ტერიტორიებზე ინტენსიურმა მშენებლობებმა და სხვა ფაქტორებმა, გაახშირა ძლიერი ნიაღვრების გადმოვარდნისა და გვირაბების შესასვლელებთან მდინარეების შეტბორვის შემთხვევები.
გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახის ხელოვნური ჩარევების გამო, დღესღეობით თბილისში არსებულ არაერთ მდინარეზე უეცარი წყალმოვარდნების რეალური საფრთხე არსებობს, რამაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოიტანოს. გაგაცნობთ მდინარე მტკვრის იმ შენაკადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც CENN-ის კვლევის მიხედვით განსაკუთრებით საფრთხისშემცველია.
მდინარე წავკისისხევი
იგივე ლეღვთახევი, სამარხიხევი - მტკვრის მარჯვენა შენაკადია. სათავე აქვს უძოს მთაზე ზღ. დონიდან 1,200მ სიმაღლეზე, შესართავი - 385 მ-ზე, სიგრძე - 9 კმ. ახასიათებს ძლიერი წყალმოვარდნები.
მდინარის შესართავის მიმდებარე ტერიტორია ინტენსიურად არის ათვისებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებითა და ქუჩების სავალი ნაწილით, რომელთა ქვეშ მოწყობილია 130 მ სიგრძის წყალქვეშა გვირაბი. CENN-ის კვლევაში ამ მდინარის შესახებ ვკითხულობთ:
"ძნელია მტკიცება, თავისუფლად გაატარებს თუ არა ეს გვირაბი ისეთი მოცულობის ხარჯს, როგორსაც ადგილი ჰქონდა ამ მდინარეზე 1955 წლის წყალმოვარდნის დროს. ამიტომ ძლიერი წყალმოვარდნების შემთხვევაში გვირაბისთავზე განლაგებული ნაგებობები კვლავ დაზიანებისა და ნგრევის რისკის ქვეშაა".
მდინარე კრწანისისხევი
იგივე დუქნისხევი, ტაბახმელასხევი - მტკვრის მარჯვენა შენაკადია. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ.-აღმოს. ფერდობზე მდებარე ტაბახმელის გორაკბორცვიან ვაკეზე, ზღვის დონიდან 1,025-1,030 მ სიმაღლეზე. სიგრძე - 8.5 კმ.
შუა და ზემო წელში კრწანისისხევი გაედინება კანიონისებურ ხეობაში, ხოლო ქვემოწელში - თბილისის განაშენიანებულ ნაწილში, კრწანისში. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მტკვართან შეერთებამდე კრწანისისხევი დაახლოებით 0.5 კმ სიგრძის მიწისქვეშა გვირაბში გადის. გვირაბის თავსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია ავტოსადგური, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდინარის ხეობის გასწვრივ კრწანისისხევის ბუნებრივი ჰიდროდინამიკა დარღვეულია, რადგან მის კალაპოტში და მიმდებარე ჭალის ზედაპირზე სხვადასხვა ნაგებობებია აშენებული. მდინარის კალაპოტი ბეტონის კედლებით არის დავიწროებული და მოწყობილია წყალგამტარი გვირაბები, მათ თავზე დაშენებულია საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები. ამის გამო მდინარის წყალგამტარუნარიანობა შეზღუდულია.
მდინარე გლდანისწყალი
იგივე გლდანისხევი, გლდანულა, ზემოწელში - ლელუბნისწყალი - მუდმივი ჩამონადენის მქონე მტკვრის მარცხენა შენაკადია. მდინარეს ახასიათებს პერიოდული ძლიერი წყალმოვარდნები. თბილისის განაშენიანებულ ნაწილში გლდანისწყლის ხეობის სიგრძე დაახ. 3 კმ-ს უდრის.
მდინარე ხევძმარი
მტკვრის მარცხენა, მუდმივი ჩამონადენის მქონე, მცირეწყლიანი შენაკადი. მტკვარს უერთდება ავჭალაში, მდინარის სიგრძე 13 კმ-ია.
კუკიისხევი
იგივე დიდხევი, არსენალის ხევი - მტკვრის მარცხენა მცირეწყლიანი შენაკადია. მტკვარს ერთვის ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) ხიდთან. მდინარის კალაპოტი ზოგიერთ ადგილას ჩაკეტილია ნარჩენების გროვებით, რაც წყლის შეტბორვასა და ხევის დაჭაობებას იწვევს.
2015 წლის ვერეს ხეობაში განვითარებულმა კატასტროფულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ თბილისის ტერიტორიაზე სტიქური პროცესების ფორმირება არ არის მარტივი და ერთგვაროვანი. მათი ფორმირება, განსაკუთრებით ღვარცოფების, მიმდინარეობს მაპროვოცირებელი ფაქტორების (თავსხმა წვიმები, წყალმოვარდნების, მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დენუდაციური) თანხვედრით.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომლებიც უზრუნველყოფენ რისკების მაქსიმალურ შემცირებას. კერძოდ, წყალდიდობა-წყალმოვარდნებით და ღვარცოფებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილების მისაღწევად მნიშვნელობა აქვს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემის არსებობას და სხვადასხვა სახის პრევენცული ღონისძიებების გატარებას.
ამავდროულად, მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეტეოროლოგიურ რადარების მონაცემებზე ოპერატიული წვდომა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავსხმა ნალექების და მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების პროგნოზირების ხარისხი" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიის მთავრობებს შორის, ხელი მოეწერა საგრანტო პროექტს, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნება თბილისში არსებული ყველა მდინარე და ხევები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასების მიზნით.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment