თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან, მათ შორის გორიდან, თერჯოლიდან და ჭიათურიდან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი 54 წლის ბათო სუთიძეა (ფოტოზე).
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბათო სუთიძე წარმოშობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან იყო. ის 1965 წელს იყო დაბადებული. სუთიძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შორის არიან მისი შვილი და დისშვილი. ღვანკითში მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს მომხდარის შესახებ და ოჯახის წევრები ცხედრების ამოსაცნობად თბილისში გაემგზავრნენ.
უბედური შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ გარდაცვლილების ახლობლები, რომლებიც სამართალდამცველებს სთხოვენ, ამოსაცნობად გარდაცვლილების ფოტოები და პირადობის მოწმობები გადასცენ.
"ავტომობილი ვიცანით კადრებში და გამოვიქეცით ამოსაცნობად... ამდენი ხანია ვდგავართ და რაღაცა მოგვაწოდეთ... გვანახონ სურათები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან თუ არა. ახლობლები არიან ჩვენი და როგორც ვიცი მეშვიდეზე ცხოვრობდნენ, შვიდი კაცი" - ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი.
ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მუშების ნაწილი ქალაქ გორიდან იყო და ქირით ცხოვრობდნენ თბილისში. შვიდივე გარდაცვლილი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშებად მუშაობდა.
"შვიდი კაცი იყვნენ, მამა-შვილი, ორი ძმა და სამი კიდევ სხვა მუშა. დადიოდნენ და "მალიარკაზე" მუშაობდნენ. როგორც ჩანს, მოვიდნენ დაღლილები, ჩართეს "კალონკა", ამბობენ ერთ-ერთი ბანაობდაო... გაჟონა გაზმა და დაიხოცა ყველა, ახალგაზრდა, ჯანსაღი ბიჭები" - ამბობს ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე კორპუსის ბინადარი.
უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილების ცხედრები ნაქირავებ ბინაში დღეს დილით აღმოაჩინეს.
"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment