ჩვენს დროში გმირი და პოპულარული ფეხბურთელები გარიყულები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ გოლს თავიანთ კარში გაიტანენ ან სახიფათო მომენტს შექმნიან საკუთარ კართან. თუმცა, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ალექსანდრე ვილაპლანი სულ სხვა სახით შევიდა ისტორიაში..
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
.
ჩვენი თხრობის დასაწყისში მხოლოდ ორ ფაქტზე ვისაუბრებთ, რომელიც მთლიანად ადასტურებს ზემოთ ნათქვამს:
1930 წლის 13 ივლისი. ნახევარმცველი ალექს ვილაპლანი კაპიტნის სამკლავურით საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში გაუძღვა. მისმა გუნდმა მექსიკა დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
1944 წლის 26 დეკემბერი. ალექს ვილაპლანი სამშობლოს ღალატისა და მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს.
სულ რაღაც 14 წელიწადში, წარმატებული ფეხბურთელი საზარელ სოციოპათად გადაიქცა, რომელიც საოცარი სიზუსტითა და სისასტიკით გამოირჩეოდა.
დასაწყისი ფეხბურთში
ალექსანდრე ვილაპლანი დაიბადა 1905 წელს, ალჟირში, - იმ ქვეყანაში, რომელიც იმ მომენტში საფრანგეთის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან პროვინციად ითვლებოდა. სწორედ მას ერგო ბედნიერება, საფრანგეთის ნაკრების პირველი ჩრდილოაფრიკელი ფეხბურთელი გამხდარიყო.
16 წლის ასაკში ალექს ვილაპლანი ალჟირიდან საფრანგეთის სამხრეთში მცხოვრებ თავის ბიძასთან გადავიდა. თითქმის იმავე დროს ჭაბუკი ალექსი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის, "სეტის" მოთამაშე გახდა, რომლის მწვრთნელი იმ მომენტში შოტლანდიელი ვიქტორ გიბსონი იყო. მან მაღალ დონეზე შეაფასა ახალგაზრდა ფეხბურთელის პოტენციალი და ვილაპლანმაც საკმაოდ მალე ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება მიიღო.
იმ დროს საფრანგეთში ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული გუნდები, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მაინც ახერხებდნენ თავიანთი მოთამაშეებისათვის თანხის გადახდას, რაც, ფაქტობრივად, მათ ხელფასს შეადგენდა
სწორედ ფულმა შეუწყო ხელი იმას, რომ ალექს ვილაპლანმა 1926 წელს "სეტი" დატოვა და "ნიმას" რიგებში აღმოჩნდა, სადაც ფეხბურთელს დიდი თანხა შესთავაზეს. "ნიმში" ვილაპლანისთვის ყველაფერი კარგად აეწყო - მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ფანებსაც ძალიან უყვარდათ. სწორედ მაშინ ვილაპლანი საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და მისი თაობის მოთამაშეებში ყველაზე პარსპექტიულად მიიჩნევდნენ.
საფრანგეთის ნაკრებში ალექსის დებიუტი 1926 წელს შედგა, ბელგიასთან თამაშის დროს, ხოლო 1930 წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეროვნული ნაკრების კაპიტანიც გახდა. მექსიკასთან ნათამაშები საპრემიერო მატჩი ალექსისათვის, მისი სიტყვების თანახმად, "ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო".
თუმცა უკვე მაშინაც შესამჩნევი იყო, რომ ალექს ვილაპლანის მორალური პრინციპები ეჭვებს იწვევდა - პრესაში აქტიურად იხილავდნენ მის ქცევას, გულშემატკივრებში ხმები დადიოდა ფეხბურთელის ამორალურობაზე. 1929 წელს ალექსი პარიზის "რასინგში" გადავიდა. ამ კლუბმა მიზნად დაისახა, რომ საფრანგეთის ყველაზე წარმატებული და ძლიერი გუნდი გამხდარიყო.
ფრანგულ ფეხბურთში პროფესიონალიზმის აღიარებამდე ჯერ კიდევ სამი წელი რჩებოდა, მაგრამ ალექს ვილაპლანი არ მალავდა, რომ იგი "რასინგში" იმ დროისთვის მაღალ ანაზღაურებას იღებდა. თუმცა დიდ ფულს იგი უაზროდ ხარჯავდა კაბარეებსა და ბარებში, ქეიფებსა და დროსტარებაში, აგრეთვე, დოღში.
1932 წელს ფეხბურთმა საფრანგეთში პროფესიული სტატუსი შეიძინა. ერთ-ერთმა მოკრძალებულმა კლუბმა "ანტიბმა", ისევე, როგორც სამი წლით ადრე "რასინგმა", გადაწყვიტა, მსხვილი გარიგება მოეხდინა და ალექს ვილაპლანი თავის რიგებში გადაიყვანა. იმ დროისთვის საფრანგეთის ჩემპიონატი ორ ზონად იყო გაყოფილი - სამხრეთად და ჩრდილოეთად, რომელთა შორის გამარჯვებულნი უკვე ქვეყნის ჩემპიონის წოდებისთვის ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.
"ანტიბმა" სამხრეთის დივიზიონი მოიგო და გადამწყვეტ მატჩში "ფივას" უნდა შეხვედროდა. სწორედ ამ მომენტში "გასკდა" კორუფციული სკანდალი, რომლის თანახმად, "ანტიბმა" თურმე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მოისყიდა.
რა თქმა უნდა, "ანტიბის" თამაშების შედეგები გაუქმდა, მისმა მწვრთნელმა კი სამუდამო საფეხბურთო დისკვალიფიკაცია მიიღო.
თუმცა კულუარებში ჭორაობდნენ, რომ კორუფციული სქემის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სწორედ "ანტიბელი" ალექს ვილაპლანი იყო, რომელიც თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად გარიგებულ მატჩებს პირადი სარგებლის მიღებისთვის აკეთებდა.
1933 წლისათვის ვილაპლანი კლუბის გარეშე დარჩა, მაგრამ მფარველი მაინც იპოვა, "ნიცის" სახით, რომელმაც სულ მალე ინანა გაგდებული ფეხბურთელის თავის რიგებში მიღება. ალექსი ვარჯიშებს აცდენდა, ზოგიერთი მატჩის მსვლელობისას მინდორზე დემონსტრაციულად ჩერდებოდა, თითქოსდა სულაც არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა; რეჟიმს არღვევდა და ასე შემდეგ. მოკლედ, 1934 წელს ვილაპლანი "ნიცადანაც" გააგდეს, რის შედეგად სხვა კლუბების ინტერესმა ამ ფეხბურთელის მიმართ მკვეთრად იკლო.ერთადერთი გუნდი, რომელმაც ალექს ვილაპლანი კვლავ შეიბრალა და კონტრაქტი დაუდო, "ბასტიდიენი" აღმოჩნდა. ამ კლუბის მწვრთნელი იმ ხანებში ვიქტორ გიბსონი იყო, რომელიც ალექსს ჯერ კიდევ "სეტში" თამაშის დროს იცნობდა.
თუმცა "ბასტიდიენმაც" სამი თვის მერე გააგდო, რადგან კლუბში მოსვლიდან 3 თვის განმავლობაში შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. ამის შემდეგ ალექს ვილაპლანი ფეხბურთისთვის საერთოდ დაკარგულ პიროვნებად იქცა, თუმცა გაზეთების სპორტულ ქრონიკაში მისი სახელი 1935 წელსაც გაკრთა, სადაც იუწყებოდნენ, რომ იგი პარიზში ლაჟვარდოვან ნაპირზე დოღის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს
ambebi.ge
No comments:
Post a Comment